Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოში შეწყდა მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა - მოსამართლემ უარი თქვა დარბაზში ადვოკატების შეშვებაზე


საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა შეწყდა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ უარი თქვა გამოცხადებულიყო შესვენება და სხდომაზე დასწრების უფლება მისცემოდათ მის ადვოკატებს, ნიკა გვარამიას და დიტო საძაგლიშვილს, რომლებიც სხდომის გახსნისას არ იყვნენ დარბაზში. ბექა ბასილაიამ, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა რამდენჯერმე სთხოვა მოსამართლეს კოლეგების დარბაზში დაშვება. ის აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ, შესაძლოა, ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი ფლობდნენ უახლოს და საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

"სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს. სასამართლომ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით, მთავარია მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში. დღეს სასამართლომ თქვა, რომ სუს-ის მონაჭორზე, ცხვარიაშვილის გამონაგონზე დაყრდნობით პროცესებს წარმართავს მიხეილ სააკაშვილის გარეშე. მე მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას: მთელი 9 წელი ჩვენ გვკვებავდნენ მითით, რომ მიხეილ სააკაშვილს აგებინებდნენ პასუხს, გვკვებავდნენ მითით, როგორი საშიში დამნაშავე იყო მიხეილ სააკაშვილი და დღეს ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გასამართლება. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც აკანკალებს მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენა. ჩვენ ვხედავთ სასამართლო სისტემა როგორ არის მოშლილი და რეაგირებენ მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულ, სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე, მაგრამ გლობალურ საკითხებზე, კანონდარღვევის საკითხებზე, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის საკითხებზე მათ არანაირი რეაქცია არ აქვთ", - თქვა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

ბექა ბასილაია ფიქრობს, რომ სააკაშვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება მომდევნო სხდომებზე დასწრება აღარ შეეძლოს. მან დღევანდელ სხდომაზე მოითხოვა მოსამართლეების აცილება, რაზეც უარი მიიღო.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ის და ნიკა გვარამია სხდომის დაწყებისას სასამართლოში იმის გამო ვერ იყვნენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად საგამოძიებო მოქმედებებში ღებულობდნენ მონაწილეობას. ნიკა გვარამიამ კი მედიას უთხრა, რომ ის და დიმიტრი საძაგლიშვილი საქმისთვის მნიშვნელოვან ახალ გარემოებებზე ინფორმაციას ფლობდნენ და აუცილებლად მიიჩნევდნენ ამ გარემოებების შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია სასამართლოსთვის.

მომდევნო სხდომა ამ საქმეზე 29 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები ექსპრეზიდენტის დაკავების პირველი დღიდან ითხოვდნენ დღეს ჩანიშნული პროცესის უფრო ადრე ჩატარებას, თუმცა თარიღი უცვლელი დარჩა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმე. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას (სსსკ-ის 333-ე მუხლი) ედავება.

სააკაშვილს საქართველოს სასამართლოებმა დაუსწრებლად ორ საქმეზე მიუსაჯეს პატიმრობა. ესენია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეები.

XS
SM
MD
LG