Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი ბექა ბასილაია "სააკაშვილის საქმეზე" სამივე მოსამართლის აცილებას ითხოვს


ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის განმხილველი სამივე მოსამართლის აცილებას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილის საქმეს სამი მოსამართლე, ნინო ელიეშვილი [თავმჯდომარე], ლია ორკოდაშვილი და მაია ქოქიაშვილი განიხილავენ. ბექა ბასიალაიამ მათი აცილების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მოსამართლეებს სთხოვა, ყველა ღონე ეხმარათ იმისთვის, რომ პენიტენციურ სამსახურს ყოფილი პრეზიდენტისთვის საკუთარ პროცესში მონაწილეობის უფლება მიეცა და იგი სასამართლო სხდომას დასწრებოდა.

"თქვენ უნდა იყოთ აცილებული, იმიტომ რომ თქვენი გადაწყვეტილებები არის არაჰუმანური. თქვენ მონაწილეობას იღებთ ადამიანის წამებაში", - უთხრა ბექა ბასიალაიამ მოსამართლეებს. ის მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაუყოვნებლივ უნდა იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებში მონაწილეობის უფლების მიღებაზე, "ვინაიდან არავინ იცის, მომდევნო დღეებში იქნება თუ არა ის ცოცხალი ან შეეძლება თუ არა სასამართლო სხდომებში მონაწილეობა."

“თქვენი აცილების შუამდგომლობა გვაქვს. მე უკან არ წავიღებ სიტყვებს, რომელიც თქვენ სასამართლოს შეურაცხყოფად მიიღეთ. მე ნამდვილად ვიცნობ მოსამართლე ნინო ელიეშვილს, მოსამართლე ლია ორკოდაშვილს და მოსამართლე მაია ქოქიაშვილს და მე ვერ წარმომიდგენია სწორედაც რომ თქვენი განვლილი გზის გათვალისწინებით, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, ეს გაგეკეთებინათ ნებისმიერ სხვა საქმეზე. რასაც მე ვაჟღერებ, იქნება ეს კორუფციული თუ თანამდებობრივი მოტივაცია, ჩემთვის თქვენთან დაკავშირებით ამის თქმა, ნამდვილად არ არის ადვილი. ამ სასამართლოში ნამდვილად თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან, ვინც დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ და ერთ-ერთი მათგანი ქალბატონი ლია ნამდვილად იყო. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, როგორც თქვენ პროცესი მიგყავთ, თუ არა ეს მოტივაციები ან ძალიან დიდი წნეხი, ვერ წარმომიდგენია რომელიმე თქვენგანს ეკადრა ის, რომ ადამიანი თვენახევრის მანძილზე იყოს პატიმრობასეფარდებული და მხოლოდ იმიტომ, რომ პროცესი ჩანიშნულია, უკან არ გადმოგეწიათ. მე თქვენ პატივს გცემდით. მართლმსაჯულების აღსრულებისთვის მიხეილ სააკაშვილის აქ ყოფნა იყო საჭირო და თქვენ ამისთვის არაფერი გააკეთეთ და რაც ყველაზე ცუდია, თქვენ ეს ყველაფერი წინასწარ იცოდით", - თქვა ბექა ბასილაიამ.

"როცა ვსაუბრობთ სასამართლოს სიამაყეზე ან ინსტიტუციურ სიამაყეზე, როგორ შეიძლება ის არ ილახებოდეს ბრალდებულის სასამართლო სხდომაზე არდასწრებით. მე ვფიქრობ ამ შემადგენლობით სასამართლოს [არ აქვს] არათუ მორალური, არამედ სამართლებრივი უფლება გააგრძელოს ამ საქმის განხილვა. ამ შემადგენლობით ამ საქმის განხილვა ნიშნავს იმას, რომ სასამართლო არის იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის დავალებების შემსრულებელი", - თქვა სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მის გარეშე პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე იმართება. პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა მსჯავრდებულის სასამართლო დარბაზში ეტაპირებაზე მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით და "პროვოკაციებისგან თავის ასარიდებლად."

მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები ექსპრეზიდენტის დაკავების პირველი დღიდან ითხოვდნენ დღეს ჩანიშნული პროცესის უფრო ადრე ჩატარებას, თუმცა თარიღი უცვლელი დარჩა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმე. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას (სსსკ-ის 333-ე მუხლი) ედავება.

სააკაშვილს საქართველოს სასამართლოებმა დაუსწრებლად ორ საქმეზე მიუსაჯეს პატიმრობა. ესენია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეები.

XS
SM
MD
LG