"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს თბილისში საპროტესტო აქციებზე 46 ადამიანის დაკავების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლთა რიცხვი გაცილებით მეტია.
"დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს!
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშიანით თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ!
აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს - მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია", - დაწერა ნიკა მელიამ "ფეისბუკის" გვერდზე, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია დაკავებულთა რაოდენობის შესახებ.
თბილისში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 8 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტი, მოშიმშილე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 8 ნოემბერს საპტოტესტო აქციების სამი ძირითადი მოთხოვნა დაასახელა:
- მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში
- წართმეული არჩევნების დაბრუნება
- მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.