ვარშავასა და ევროკავშირს შორის მიმდინარე სამართლებრივმა ბრძოლამ ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედია „პოლექსიტის“ შესაძლებლობაზე აალაპარაკა, თუმცა პოლონეთის მთავრობა მსგავს შესაძლებლობას გადაჭრით უარყოფს. ვარშავის მიერ გადადგმულმა ნაბიჯების საპასუხოდ, რომლებიც პოლონურმა ოპოზიციამ, ევროკომისიამ და ევროკავშირის სასამართლოებმა სასამართლოს პოლიტიზაციად შეაფასეს, ევროკავშირმა სადამსჯელო პროცედურები აამოქმედა, ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსება გაიყინა, პოლონეთს მოზრდილი ჯარიმები დაუწესა და ქვეყანამ, შესაძლოა, ხმის მიცემის ზოგიერთი უფლებაც დაკარგოს. მიუხედავად ამისა, პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“ (PiS) უკან დახევას არ აპირებს. რადიო თავისუფლება მიმოიხილავს, თუ რა ამოძრავებს PiS-ს და რის მიღწევა სურს.
რა ამოძრავებს PiS-ს?
მოკლე პასუხია - ძალაუფლება და კონტროლის სურვილი. როდესაც სასამართლო სისტემას აკონტროლებ, პოლიტიკური მიზნების მიღწევა მარტივდება. PiS-ს კი განსაკუთრებულებად ამბიციური მიზნები აქვს დასახული.
თუმცა, ვითარება ამაზე უფრო ჩახლართულია. პოლონეთის მთავრობა რამდენიმე არგუმენტს იშველიებს ქვეყნის სასამართლო სისტემის ფართომასშტაბიანი ცვლილების გასამართლებლად. ყველაზე უფრო ცხადად ეს არგუმენტი 2015 წლის საარჩევნო მანიფესტში გამოისახა - როდესაც PiS-მა პირველი პარტია გახდა ქვეყნის პოსტკომუნისტური ისტორიის განმავლობაში, რომელმაც პირდაპირი უმრავლესობა მოიპოვა. მანიფესტის მიხედვით, პოლონეთის სასამართლოები იყო „კორუმპირებული, არაეფექტიანი და მათ კომუნისტების დროინდელი მოსამართლეები მართავდნენ“. PiS-ის ზოგიერთი წევრის აზრით, მოსამართლეები მიეკუთვნებოდნენ „განსაკუთრებულ კასტას“, რომელიც რეფორმას საჭიროებდა.
2015 წლის არჩევნებში მიღწეულმა დამაჯერებელმა წარმატებამ, რომელსაც წინ უძღოდა საპრეზიდენტო არჩევნებში PiS -ის კანდიდატის, ანჟეი დუდას გამარჯვებაც, პარტიას სრული სვლით წინსვლის საშუალება მისცა. PiS-მა სამიზნეში ჯერ საკონსტიტუციო ტრიბუნალი ამოიღო, უარი უთხრა მანამდე არჩეულ სამ მოსამართლეს და ისინი ჩაანაცვლა სამეულით, რომელიც მმართველ პარტიასთან უფრო დაახლოებულად მოიაზრება. ამან გამოიწვია პირველი კონფლიქტი ბრიუსელთან, რომელსაც შემდეგ სხვა დაპირისპირებებიც მოჰყვა, როდესაც ვარშავამ პოლიტიკური კონტროლი დაამყარა პროკურატურაზე, უზენაეს სასამართლოზე და იმ ორგანოებზე რომლებსაც მათი ნომინაცია და ზედამხედველობა ევალება.
კი, მაგრამ, მართალია PiS?
ეს, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა. ავიღოთ PiS-ის არგუმენტი, რომ სასამართლოს კომუნისტების დროინდელი პიროვნებები მართავენ. იმ 23 მოსამართლიდან, რომლებიც უზენაესი სასამართლოდან განდევნეს, მხოლოდ 3 განიხილავდა საქმეებს კომუნისტების დროს. ამავე დროს, PiS -მა ბოლო დროს სხვადასხვა პოზიციაზე დაასახელა ისეთი მოსამართლეები, რომლებიც კომუნისტების დროსაც იყვნენ აქტიურები. ამასთან, მიუხედავად ოფიციალური ნარატივისა, პოლონეთის სასამართლო სისტემას უკვე ჰქონდა ე.წ. „დე-კომუნიზაციის“ მექანიზმები.
რაც შეეხება „განსაკუთრებული კასტის“ ბრალდებებს - მოსამართლეებს მართლაც სხვა საჯარო პროფესიებზე მეტი ხელფასი აქვთ და განსაკუთრებული პრივილეგიებიც გააჩნიათ. თუმცა, ამავე დროს ის არგუმენტიც არსებობს, რომ ეს აუცილებელი პირობაა კორუფციის თავიდან ასაცილებლად.
ყველაზე რთულად გასაბათილებელი ალბათ არაეფექტიანობის ბრალდებაა. პოლონეთში მართლაც უჩივიან სასამართლო ბიუროკრატიას და PiS-იც
ხშირად ასახელებს გამოკითხვის შედეგს, რომ პოლონელთა 80 პროცენტს სასამართლო რეფორმა აუცილებლად მიაჩნია. ამავე დროს, სხვა კვლევები აჩვენებს, რომ უმეტესობა არც მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს ენდობა.
რატომ არ იხევს PiS უკან?
ამის პასუხი უახლოეს ისტორიაში. ჯერ 2005-2007 წლები უნდა განვიხილოთ, როდესაც PiS ხელისუფლებაში მოვიდა და ტყუპ ძმებს, იაროსლავ და ლეხ კაჩინსკის პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის თანამდებობები ეჭირათ. მაშინაც, როგორც ახლა, პარტია რეფორმების განხორციელებას ცდილობდა, მათ შორის ამბიციური ლუსტრაციის პროცესისა, რომელიც ათასობით საჯარო მოსამსახურეს დაავალდებულებდა ოფიციალურად განეცხადებინა კომუნისტური რეჟიმის უშიშროების ძალებთან თანამშრომლობის შესახებ. მაშინდელი რეფორმების დიდი ნაწილი სასამართლომ დაბლოკა, რამაც კაჩინსკების რისხვა გამოიწვია.
ორი ქაოსური წლის შემდეგ PiS-ის პოპულარობამ იკლო და მათ წლები დასჭირდათ ძალაუფლების ხელახლა მოსაპოვებლად. ამ დროის განმავლობაში, როგორც ჩანს, იაროსლავი ე.წ. „მაჟორიტარი დემოკრატი“ გახდა და მას მიაჩნია, რომ გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას მოქმედების დიდი თავისუფლება უნდა ჰქონდეს, კონტროლის ბევრი მექანიზმის გარეშე.
PiS-ის და მისი მხარდამჭერების მიდგომის განმსაზღვრელი კიდევ ერთი პერიოდი 1990-იანი წლებია. განსაკუთრებით კი gruba kreska-ს (მსხვილი ხაზის) პოლიტიკა, რომელიც თავდაპირველად პოსტკომუნისტური პოლონეთის პირველმა პრემიერმა,
თადეუშ მაზოვეცკიმ ჩამოაყალიბა 1989 წელს. ბევრი პოლონელის აზრით ეს გულისხმობს 1989 წლამდე პოლონეთში ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობას. პოლონეთი მაშინ ამ საკითხმა გაყო და ეს გახლეჩა დღემდე ძალაშია.
ერთი ნაწილი, კომპრომისისა და ნაციონალური ერთობის სახელით, მზად იყო ეთანამშრომლა კომუნისტური რეჟიმის ოფიციალურ პირებთან. მეორე მხარე კი ითხოვდა მკაფიო დაყოფას და სამართალს. კაჩინსკები ამ მეორე ბანაკს მიეკუთვნებიან და, ბევრ პოლონელთან ერთად, მიიჩნევენ, რომ, ყოფილი კომუნისტები და კოლაბორაციონისტები კაპიტალისტებად გადაიქცნენ და ახლა მართავენ ბიზნესებს, უშიშროების სამსახურებს და ქვეყანას. მათი აზრით, 1989 წლის დიდება შეირყვნა და საჭიროა „პოლონეთის მეოთხე რესპუბლიკის“ ჩამოყალიბება - მორალური და პოლიტიკური რევოლუცია, რომლის საყრდენიც პატრიოტიზმი და კათოლიციზმი იქნება და რომელიც ჩაანაცვლებს ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ წარმოქმნილ, ამჟამინდელ მესამე რესპუბლიკას.
რა როლს თამაშობს იაროსლავ კაჩინსკი?
ყველაფერი დიდწილად სწორედ მას შეეხება და ასევე იმას, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი, როდესაც კაჩინსკი პოლიტიკას ჩამოშორდება. იაროსლავ კაჩინსკის პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობა უჭირავს, თუმცა არავის ეპარება ეჭვი, რომ ქვეყანასაც სწორედ ის მართავს და PiS-იც მტკიცე ხელით უჭირავს. მას ახასიათებენ როგორც პოლიტიკოსს, რომელიც თავს განსაკუთრებულად კომფორტულად კონფლიქტის დროს გრძნობს და რომელსაც მხარდამჭერების დარაზმვა შეუძლია, მაგალითად, იმიგრაციის ან ლგბტ+ საკითხების გარშემო.
ის კიდევ უფრო რადიკალური გახდა 2010 წლის კატასტროფის შემდეგ, როდესაც რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან თვითმფრინავის ჩამოვარდნამ მისი ძმა, პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი შეიწირა. ტრაგედიამ ქვეყანა ჯერ გააერთიანა, თუმცა იაროსლავმა მალევე დაიწყო კონსპირაციის თეორიების გავრცელება და ოპოზიციის და მოსკოვის დადანაშაულება მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გამოძიების მიხედვით მომხდარი უბედური შემთხვევა იყო. ლეხ კაჩინსკის სიკვდილმა მას შურისძიების სურვილი გაუჩინა. ამავე დროს, მან დაკარგა ძმა, რომელიც მასზე გამაწონასწორებელ გავლენას ახდენდა.
იუწყებიან, რომ იაროსლავ კაჩინსკი ავადა და ის ახლო მომავალში აპირებს გვერდზე გადგომას. მისი ადგილის დაკავების მსურველები კი ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო რადიკალური იქნება. ამჟამინდელი პრემიერი, თადეუშ მორავეცკი უფრო ზომიერ პოლიტიკოსად მოიაზრება და, ექსპერტების აზრით, ბრიუსელთან დაპირისპირებით ის PiS-ის ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს. კიდევ ერთი პრეტენდენტი, იუსტიციის მინისტრი ზბიგნევ ზიობრო კათოლიკე ნაციონალისტია, რომელიც იმუქრება, რომ მისი ფრაქცია PiS-ს დატოვებს, თუ რეფორმების ჩატარებას წინ ბრიუსელი აღუდგება.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ვარშავაში მიმდინარე პროცესები დიდ გავლენას ახდენს ევროკავშირთან დაპირისპირებაზე.
რატომ არ აპროტესტებს პოლონეთი ამ ცვლილებებს?
ბევრმა გააპროტესტა. ვარშავაში და პოლონეთის სხვა ქალაქებში რამდენიმე დემონსტრაცია ჩატარდა იმ მასშტაბისა, როგორიც 1989 წლის შემდეგ არავის უნახავს. თუმცა, მიუხედავად ამ დაპირისპირებებისა, PiS კვლავინდებურად პოპულარულია. პარტია ძალაუფლებაში 6 წლის წინათ დაბრუნდა. მას შემდეგ, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მან კიდევ უფრო მეტი ხმა მიიღო. ერთი წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახალ გამარჯვებას მიაღწია ანჟეი დუდამაც. კვლევები აჩვენებს, რომ PiS-ს ბრიუსელთან დაპირისპირების შემდეგ მომხრეები არ დაუკარგავს და, 35%-იანი მხარდაჭერით, ბევრად უსწრებს წინ უახლოეს მეტოქეს.
მმართველი პარტიის პოპულარობას კი ეკონომიკური წარმატება განაპირობებს. უმუშევრობა რეკორდულად დაბალია - 3,5%. ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად 5%-ით იზრდება და პანდემიის ეფექტებიც სწრაფად დაიძლია. პოლონეთს ოქროს ხანა უდგას, რაც, დიდწილად სწორედ ევროკავშირის დამსახურებაა - ევროკავშირის წევრობა მას მილიარდობით ევროთი დაეხმარა და ალიანსის შიდა ბაზარზე მისცა წვდომა.
ისიც მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყენა მმართველმა პარტიამ ევროკავშირის ფული. წინა მთავრობებისგან განსხვავებით, მათ მცდელობა არ დაიშურეს, რომ თანხას პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც ჩაეღწია. პარტიამ წამოიწყო პროგრამა „500+“, რომელიც 500 ზლოტს (115 ევროს) აძლევს ოჯახებს თითო ბავშვისთვის. ეს მნიშნელოვანი დახმარება აღმოჩნდა სიღარიბის ზღვართან მყოფი მოსახლეობისთვის. თავიდან ამ პროგრამას აკრიტიკებდნენ, როგორც ფისკალურ უპასუხისმგებლობას, თუმცა, ის ისე პოპულარული გახდა, რომ მის დამთავრებას აღარავინ მოითხოვს. PiS ასევე დაჰპირდა მოსახლეობას, რომ 2023 წლისთვის მინიმალურ ხელფასს გააორმაგებს, გაზრდის პენსიას, ფერმერებს სუბსიდიებს მისცემს და მეტს დახარჯავს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის - ეს კი ბევრი ამომრჩევლისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სასამართლოს პოლიტიზაციის საკითხი.