პოლონეთმა 9 ნოემბრის დილიდან ჩაკეტა ბელარუსთან დამაკავშირებელი აღმოსავლეთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის მზარდი საიმიგრაციო კრიზისის ფონზე, ბელარუსის მხრიდან მიგრანტები შეეცადნენ გაერღვიათ საზღვარზე აღმართული მავთულხლართიანი ბარიერები.
კერძოდ, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩაიკეტება ბრუჟი-კუზნიცას სასაზღვრო გასასვლელი, რომლის სიახლოვეს მიგრანტებს კარვები აქვთ გაშლილი.
პოლონეთის მთავრობამ 8 ნოემბერს ტვიტერში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები ბარებითა და რკინის მჭრელი მაკრატლების გამოყენებით მავთულხლართიანი სასაზღვრო ღობის გარღვევას.
პოლონეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, პიოტრ მულერის თანახმად, პოლონეთის საზღვართან დაბანაკებულია დაახლოებით 4000 მიგრანტი და კიდევ 1000 ადამიანი მზად არის მათ გზას დაადგეს.
მულერმა ბელარუსის „სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები“ დაადანაშაულა საზღვრის გარღვევის ორგანიზების მცდელობაში.
მიგრანტების სტიქიური თავშეყრა პოლონეთის საზღვართან ამწვავებს კრიზისს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება.
ევროკავშირი ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ადანაშაულებს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების ჩამოყვანასა და მათი ევროკავშირის ქვეყნების - ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საზღვართან გადაყვანაში, რაც წარმოადგენს მინსკის მხრიდან შურისძიებას იმ სანქციების გამო, რომელიც ევროკავშირმა ბელარუსის რეჟიმს დაუწესა 2020 წლის 9 აგვისტოს შემდგომ დაწყებული აქციების ძალის გამოყენებით დაშლისა და მასშტაბური რეპრესიების გამო.
ლუკაშენკა უარყოფს ამ ბრალდებებს და მიგრანტების პრობლემების უგულებელყოფაში ევროკავშირის ქვეყნებს სდებს ბრალს.