Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე-18 სამკურნალო დაწესებულება სახალხო დამცველის აპარატმა კიდევ ერთხელ შეამოწმა


მე-18 დაწესებულების საავადმყოფო
მე-18 დაწესებულების საავადმყოფო

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 4 ნოემბერის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კონსილიუმის ახალ დასკვნებში (2021 წლის 3 ნოემბრისა და 2021 წლის 28 ოქტომბრის) მითითებულ სამედიცინო სტანდარტებთან დაწესებულების შესაბამისობის ხარისხის მონიტორინგი. შემოწმდა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულების წინა, 2021 წლის 24 ოქტომბრის ვიზიტის შემდგომ.

„ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულება აღიჭურვა დუპლერ-სკანირების აპარატით, ამასთან მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ინტენსიური მზადება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის ინსტალაციის მიზნით. დაწესებულების ადმინისტრაციისა და სამედიცინო პერსონალის განმარტებით, აღნიშნული პროცესი დასრულდება რამდენიმე დღეში. გარდა ამისა, დაწესებულებაში დასაქმდა 5 ექიმ-რეანიმატოლოგი, რომლებიც მორიგეობას უწყვეტად ახორციელებენ. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ დაწესებულებას გააჩნია სრულად აღჭურვილი ლაბორატორია და შესაბამისი სამედიცინო პერსონალი“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი კვლავ მიიჩნევს, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეესაბამება.

„მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სამწუხაროდ, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს. კერძოდ, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და იგი არ არის აღჭურვილი მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, მას ვერ მიაწოდებენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს“.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოებისა და მისთვის ღირსების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფის საკითხს, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ N12 პენიტენციური დაწესებულების კატეგორიის პატიმრის მოთავსება ისეთ დაწესებულებაში, სადაც მას სხვა პატიმრებთან შესაძლოა ჰქონდეს გადაკვეთა, წარმოშობს როგორც N18, ისე N8 დაწესებულების დეზორგანიზაციისა და უსაფრთხოების რისკებს. ამ კუთხით არსებული ვითარება წინა ვიზიტის შემდგომ არ შეცვლილა.

მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

XS
SM
MD
LG