საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, გოკა გაბაშვილი, რომელიც მოქმედ დეპუტატთან, ელენე ხოშტარიასთან შესახვედრად მიდიოდა, პარლამეტის შენობაში არ შეუშვეს. ის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან გააბრუნეს.
დაცვის სამსახურის თანამშრომელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღეს მოქმედებს შეზღუდული წესები და შენობაში უშვებენ მხოლოდ ჟურნალისტებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს. როდის მოიხსნება შეზღუდვები, უცნობია. ასევე უცნობია, რა არის მისი დაწესების მიზეზი.
პარლამენტში არ შეუშვეს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელიაც. შენობაში შესვლაზე უარი უთხრეს სამოქალაქო აქტივისტს, მარიამ გეგუჩაძეს, რომელიც ამავდროულად არის "მთავარი არხის" თანამშრომელი და როგორც ჟურნალისტს, შესაბამისი საშვი ჰქონდა.
ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი ელენე ხოშტარია ახლა პარლამენტის შენობაშია და იქ შიმშილობს. მის მოსანახულებლად დღეს დილით პარლამენტში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა პარლამენტის არაწევრი პოლიტიკოსი - ნინო გოგუაძე.
"დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გუშინ, 3 ნოემბერს დაიწყო.
განახლება: გეგელია და გაბაშვილი პარლამენტში თითქმის ერთი საათის შემდეგ შეუშვეს.