Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის გამოძიებამ დაადგინა, რომ ამერიკულმა დრონმა 10 ავღანელი შეცდომით მოკლა


ამერიკული დრონი ქაბულის თავზე, 31 აგვისტო, 2021 წელი
ამერიკული დრონი ქაბულის თავზე, 31 აგვისტო, 2021 წელი

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიერ 29 აგვისტოს განხორციელებული ავიაიერიში, რომლის დროსაც 10 მშვიდობიანი ავღანელი დაიღუპა, იყო ტრაგიკული შეცდომა და არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ 3 ნოემბერს პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა განაცხადა, ორთვიანი გამოძიების დასრულების შემდეგ. ამერიკული დრონის მიერ 29 აგვისტოს ნასროლი რაკეტა მოხვდა ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ზამერაი აჰმადი, არაკომერციული ორგანიზაციის Nutrition & Education International-ის (NEI) თანამშრომელი. შედეგად, აჰმადი და მისი ოჯახის ათი წევრი, მათ შორის შვიდი ბავშვი, დაიღუპნენ.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ავიაიერიშში მონაწილეობდნენ იმ დროს, როდესაც თალიბებმა ხელთ იგდეს ქაბულის აეროდრომი, დარწმუნებული იყვნენ, რომ ობიექტის მიზანში ამოღების დროს სწორედ დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ხელმძღვანელობდნენ.

ამასთან ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში, სადაც აჰმადი მუშაობდა, „ღრმად იმედგამაცრუებელი და არაადეკვატური“ უწოდეს პენტაგონის მიერ ჩატარებულ გამოძიებას.

„გენერალური ინსპექტორის სიტყვებით, მოხდა შეცდომა, მაგრამ არასწორად არავინ არ მოქმედებდა, მე დამრჩენია მხოლოდ ვიმარჩიელო, ეს რანაირად შეიძლება?“ - განაცხადა არაკომერციული ორგანიზაციის Nutrition & Education International-ის (NEI) ხელმძღვანელმა, სტივენ კვონმა, რომლის ციტატა სააგენტო როიტერსს მოჰყავს.

უფრო ადრე, 16 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შესთავაზა კომპენსაციის გადახდა იმ ათი ადამიანის ნათესავებს, რომლებიც აგვისტოში, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის ბოლო ეტაპზე, დრონით თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

თავდაცვის სამინისტრო მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, რათა დაეხმაროს დაღუპულების ოჯახებს, გადასახლდნენ აშშ-ში, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

XS
SM
MD
LG