Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ხელახლა დათვლიან კიდევ ათეულობით უბნის მიხედვით


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ხელახლა დათვლიან კიდევ რამდენიმე ათეულ უბანზე მიცემული ხმების მიხედვით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) გადაწყვეტილებით, ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ხმების დათვლის ვიდეოგადაღება არ ყოფილა 2-ზე მეტ უბანში, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება 2-2 უბანი და მონაცემები გადაითვლება, ხოლო საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2, ან ნაკლებია, შედეგებს ავტომატურად, ხელახლა დათვლიან. ცესკოს ინფორმაციით, მეორე ტურში ვიდეოგადაღება არ განხორციელდა მხოლოდ 292 საარჩევნო უბანზე.

ცესკოს წევრის, ივანე ნორაკიძის განცხადებით, ხმების გადათვლის პროცედურა და ვიდეოგადაღება ხელს უწყობს პროცესის უფრო მეტ გამჭვირვალობას, ამიტომ, ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართავს, დღეს, 2 ნოემბერს უზურუნველყონ წილისყრისა და გადათვლის პროცედურები.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურში მიცემული ხმების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მოხდა ყველა იმ უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია. ცესკოს მონაცემებით, ასეთი 1 457 უბანია. ჩანაწერები გამოქვეყნებულია ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე.

1 ნოემბერს, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, დამკვირვებლების და მედიის თანდასწრებით გადათვალეს 201 უბნის შედეგები. საარჩევნო კანონმდებლობით, სავალდებულოა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 უბნის მონაცემების გადათვლა, თუმცა, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით გამოავლინეს და გადათვალეს 7-7 უბნის შედეგები.

შედეგების ხელახლა დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, ცესკოში განაცხადეს, რომ გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. დეტალური მონაცემები დღეს, 2 ნოემბერს გამოქვეყნდება.

30 ოქტომბერს, საქართველოს 64-დან 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდა მერის არჩევნების მეორე ტური. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 19-ში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთგან - წალენჯიხაში კი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა. საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები ჩატარდა 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში, საიდანაც 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში "ნაციონალური მოძრაობის", "გახარია-საქართველოსთვის", "თავისუფალი საქართველოს" და "ევროპელი სოციალისტების" კანდიდატებმა.

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ კოალიციური მმართველობის მიზნით გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციებს იწყებს.

XS
SM
MD
LG