Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში 7 საარჩევნო უბნის 100-ზე მეტ ბათილ ბიულეტენში ძირითადად ორივე კანდიდატია გადახაზული


სადავო გახდა 6 ბიულეტენის ბათილობის მიზეზი, სადაც, კომისიის წევრთა მოსაზრებით, ამომრჩევლის ნება გამოხატულია.
სადავო გახდა 6 ბიულეტენის ბათილობის მიზეზი, სადაც, კომისიის წევრთა მოსაზრებით, ამომრჩევლის ნება გამოხატულია.

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის 7 უბნის შედეგების ხელახალი გადათვლისას ჯამში 150-ზე მეტი ბათილი ბიულეტენი დათვალეს.

მხოლოდ 6 ბიულეტენის ბათილობის მიზეზი გახდა სადავო, სადაც, კომისიის წევრთა მოსაზრებით, ამომრჩევლის ნება გამოხატულია - შემოხაზულია ორიდან ერთი მერობის კანდიდატი, თუმცა, რიგ შემთხვევაში, ხაზია გადასმული კონკურენტ ან ორივე კანდიდატზე, რაც ბათილობის მიზეზი გახდა. როგორც ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ თქვა, ასეთი ბათილი ბიულეტენების ნამდვილობაზე საარჩევნო კომისია იმსჯელებს. დანარჩენ ბათილ ბიულეტენებში ამომრჩეველს ორივე მერობის კანდიდატი გადახაზული აქვს.

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მადონა ბერიძის თქმით, „ყველაზე მეტად ბათილი ბიულეტენები გვაინტერესებდა, მათი სიმრავლის გამო. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ძირითადად გადახაზულია ორივე კანდიდატი“.

მადონა ბერიძე საგულისხმოდ მიიჩნევს, რამდენიმე ბიულეტენზე ამომრჩევლის მიერ დატოვებულ პირად ხელმოწერას შემოხაზული კანდიდატის გასწვრივ, რაც მისივე თქმით, ფარულობის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს: „შესაძლოა, იყო ვინმესგან მითითება, რომ მხარდაჭერა გამოხატულიყო ხელმოწერით“.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს ერთი ბიულეტენი, რომელიც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის სასარგებლოდ იყო დათვლილი, თუმცა ბათილად უნდა ჩათვლილიყო, რადგან მასზე ორივე მერობის კანდიდატი იყო შემოხაზული.

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში ლოტოტრონით გამოვლენილი 7 საარჩევნო უბნის გადათვლის შედეგად შემაჯამებელ ოქმში იგივე შედეგი დაჯამდა. მხოლოდ ერთ უბანზე გამოვლინდა ერთით მეტი ბიულეტენი, რაც სარჩევნო ოლქის კომისიის განმარტებით, შეცდომით იყო განთავსებული შეკრული ბიულეტენების დასტაში.

ბათუმში 103 საარჩევნო უბანზე ჯამში 2071 ბიულეტენი გაბათილდა.

წინასწარი შედეგებით, ბათუმის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა 1 200 ხმით მოუგო "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს.

XS
SM
MD
LG