Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე დმიტრი გორდონის არშემოშვებაზე: შოუს დადგმის საშუალებას არავის მივცემთ


საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის არშემოშვებაზე საუბრისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "შოუს დადგმის" უფლებას არავის მისცემენ. ის არ ვარაუდობს, რომ მსგავსი შემთხვევები საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს და ამბობს, რომ "ერთადერთი, რაც ქმნიდა უხერხულობას ორი მეგობრული სახელმწიფოს ურთიერთობაში, იყო სააკაშვილის ფაქტორი".

„მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ. პატარა კუდები რჩება იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცდილობენ, რომ აქედან შოუ მოაწყონ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სააკაშვილი ყველანაირი დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება 30 ოქტომბრის შემდეგ. აქედან გამომდინარე, გაქრება ყველანაირი უხერხულობა, რაც დღემდე არსებობდა საქართველოს და უკრაინას შორის.

რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შეშვება/არშეშვებას კონკრეტულ სახელმწიფოში, ამ შემთხვევაში საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი. იგივე რამე შეიძლება მოხდეს უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ, აშშ-ში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ. ერთი არის მთავარი, რომ შოუს დადგმის საშუალებას ჩვენ, ბუნებრივია, არავის მივცემთ. კონკრეტულმა უწყებამ რატომ არ შემოუშვა კონკრეტული პირი საქართველოში, ამაზე მე ვერ გავაკეთებ განმარტებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დმიტრი გორდონის საქართველოს საზღვართან შექმნილ გაურკვევლობასთან დაკავშირებით განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

27 ოქტომბერს დმიტრი გორდონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. არშემოშვებას უკრაინელი ჟურნალისტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს, რადგან ქვეყანაში ციხეში მასთან შესახვედრად ჩამოდიოდა. გორდონი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, არის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის.

დმიტრი გორდონამდე, უკრაინელმა იურისტმა ევგენ გრუშოვეცმა განაცხადა, რომ მიზეზის აუხსნელად არ შეუშვეს საქართველოში, სადაც მიხეილ სააკაშვილს უნდა შეხვედროდა.

საზღვარზე შექმნილ დაბრკოლებაზე ისაუბრა უკრაინის სახალხო დამცველმაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში მოსანახულებლად ჩამოვიდა. მან თქვა, რომ 40 წუთის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს და მხოლოდ მას შემდეგ შემოუშვეს, რაც "ზარები განახორციელა."

XS
SM
MD
LG