თბილისში, თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებს პარტიის ლიდერები ზუსტად ერთი საათის განმავლობაში მიმართავდნენ. აქციაზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იყო მისული, ხალხი სიმრავლის გამო თავისუფლების მოედნის გარდა, რუსთაველის გამზირის ნაწილსაც ფარავდა, მათ შორის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას.
პირველად სიტყვით ამომრჩეველს ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა მიმართა.
"ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, ადამიანები, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეყენებინა განვითარების გზაზე", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჩიქოვანმა სცენაზე მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მიიწვია.
"ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას", - თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტიის მიერ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მალევე ტრიბუნაზე კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ავიდა, რომელმაც გამოსვლის ერთი ნაწილი საპატიმროში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაუთმო.
"სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა! უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც გვაქვს ახალი და ბევრი ბრძოლები“, - თქვა წულუკიანმა.
სიტყვით გამოსვლები რუსთავისა და თბილისის მერობის კანდიდატების მიმართვებით დასრულდა. თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს 2 ოქტომბერს მხარდაჭერისთვის.
"თითოეულ თქვენგანს გადაგიხდით უდიდეს მადლობას 2 ოქტომბრის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს არჩევნები იყო ბევრად მეტი, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს იყო არჩევნები, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა გაევლო ზღვარი ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, უსამართლობასა და სამართლიანობას შორის, არეულობასა და მშვიდობას შორის, წარსულში დაბრუნებასა და მომავლის პერსპექტივას შორის", - თქვა კალაძემ.
დღეს, 27 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებაში მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" აქცია გამართა. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე ზუსტად იმ ადგილზე მიმდინარეობდა, სადაც 14 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერები შეკრიბა.