Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიული ალასანია სააკაშვილზე: ადვოკატებთან კომუნიკაციის შეზღუდვის შემდეგ უარს ამბობს სამედიცინო დახმარების მიღებაზე


მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შვილის მონახულების შემდეგ მედიასთან ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი უარს ამბობს რეანიმობილსა და სამედიცინო დახმარების მიღებაზე. როგორც ექსპრეზიდენტის დედა ამბობს, გადაწყვეტილება სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატებთან კომუნიკაცია შეეზღუდა.

"ახლა მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ შუაში ფანჯარა გვყოფს და უშუალო ურთიერთობა არ გვაქვს. როგორც მივხვდი, ადვოკატებსაც ასეთი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. ეს არ შეიძლება, რადგან ადვოკატთან ურთიერთობა უნდა იყოს კონფიდენციალური. ეს როგორ უნდა მოხერხდეს?" - თქვა ალასანიამ.

გიული ალასანია გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის საქართველოდან გაბრუნების და უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის საქართველოში არშემოშვების ფაქტებს. მისი თქმით, „წარმოუდგენელი რამეები ხდება” და ხელისუფლება დიდ შეცდომას უშვებს.

სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ. ასევე ოთახი, სადაც სააკაშვილი ადვოკატებს ხვდება, კამერებით აღჭურვეს, რაც დაცული კომუნიკაციის შესაძლებლობას გამორიცხავს.

„მე, რა თქმა უნდა, როგორც მშობელი, ვუმეორებ, რომ მაინც იფიქროს თავის ჯანმრთელობაზე. სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, რისკის შემცველია, მოშიმშილე ადამიანზე ვერავინ პროგნოზს ვერ გააკეთებს. დასუსტებულია წინა შეხვედრებთან შედარებით”, - უთხრა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს შვილთან შეხვედრის შემდეგ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილი უარს ამბობდა ციხეში სამედიცინო დახმარების მიღებაზე, დღეს სააკაშვილის ექიმმაც გააჟღერა.

XS
SM
MD
LG