Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის პრეზიდენტი ჩემზე ასაკოვანია, რა ნახა პრემიერმა ჩემს ასაკში ასეთი?! - ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან


თამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური

თიანეთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, თამაზ მეჭიაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებების საპასუხოდ, რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ - არც ნიჭს უჩივის, არც ასაკს და არც მერობისთვის ბრძოლას გამოეთიშება.

მეჭიაურს ასევე არ მოსწონს პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ნათქვამი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული მხოლოდ „ოცნების“ - სახელისუფლებო კანდიდატებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ოპოზიციონერ მერებს მუშაობა გაუჭირდებათ.

ბრძოლას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერ მერად მუშაობის 3-წლიან პერიოდში (2017-2020 წლები), როგორც თამაზ მეჭიაური ამბობს, არაერთი პრობლემა შეექმნა „ქართული ოცნების“ უმრავლესობით მოქმედი საკრებულოსგან.

2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მეორე ტურში გასულ მეჭიაურს, პრემიერ-მინისტრმა სთხოვა, გზა „ოცნების“ ახალგაზრდა კანდიდატს დაუთმოს.

  • რატომ ფიქრობს რომ პრემიერის მოწოდებები „ძალიან არაკორექტულია“?
  • ესაუბრა თუ არა ამ თემაზე „ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს?
  • რა წინააღმდეგობები შეუქმნა მისივე ყოფილი პარტიის - „ქართული ოცნების“- საკრებულომ თიანეთის მერის პოსტზე მუშაობისას?

რადიო თავისუფლების ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან.

რადიო თავისუფლება: მოდით, საუბარი თქვენი შედეგით დავიწყოთ. როგორ შეაფასებდით 2 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში მიღწეულ შედეგს (30.09%) და გაქვთ თუ არა მეორე ტურში გამარჯვების იმედი?

თამაზ მეჭიაური: მე პირველ ტურში გამარჯვების იმედი მქონდა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა კანდიდატი, რომელსაც საკმაოდ მაღალი პიროვნული რეიტინგი ჰქონდა. მან საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმები (18.08%) აიღო... რომ არა ის, ამ ელექტორატის დიდი ნაწილი ჩემი მხარდამჭერი იქნებოდა.

თუკი „ქართული ოცნება“ იმავე მეთოდებს არ მიმართავს მეორე ტურშიც, მაშინ ჩემი შანსები დიდია. თუმცა ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ მას შემდეგ, რაც პრემიერმა დავალება მისცა ყველას, რომ არჩევნები ყველგან და ნებისმიერ ფასად უნდა მოიგონ... არ არის გამორიცხული, რომ ეს თავისებურად გაიგოს ყველამ - კომისიებმაც, ძალოვნებმაც და იმ ხალხმაც, ვინც აფინანსებს ასეთ არჩევნებს.

არ ვიცი, სხვაგან რა ხდებოდა, მაგრამ ჩვენთან, პირველ ტურში სახელისუფლებო პარტიამ გამოიყენა ყველა ის რესურსი, რისი გამოყენებაც შეეძლო. ეს იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით - საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებზე, ასევე იყო ფინანსური მოსყიდვები და [საარჩევნო] კომისიების გამოყენება მაქსიმალურად.

საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის ხალხით იყო დაკომპლექტებული მთელი რიგი საუბნო და საოლქო კომისიები. რა თქმა უნდა, იყო „კარუსელების“ შემთხვევებიც - ერთ უბანზე ტყიბულის ბიულეტენიც კი აღმოჩნდა. გასაგებია, რომ ვიღაცამ გაიტანა ბიულეტენი, რომლითაც დაიწყო კარუსელი.

რადიო თავისუფლება: პრემიერ-მინისტრმა 24 ოქტომბერს თქვენზე თქვა, გზა „ოცნების“ ახალგაზრდა და ნიჭიერ კანდიდატს უნდა დაუთმოსო... ამ მოწოდებაზე თქვენი პირველი რეაქცია უარყოფითი იყო, მაგრამ მას შემდეგ ხომ არ დაფიქრდით?! ხომ არ გადაწყვიტეთ, რომ უარი თქვათ მეორე ტურში ბრძოლაზე?

თამაზ მეჭიაური: კი, დავფიქრდი... და დავრწმუნდი, რომ მართალი ვარ, როცა ვამბობ - ახალგაზრდობა არ არის ინდულგენცია. ამერიკაში ჩემზე გაცილებით ასაკოვანი პრეზიდენტი ჰყავთ და არავის მოსვლია აზრად, რომ მისთვის მსგავსი რამ ეთქვა.

ნიჭიერებაზე რომ გაამახვილა ყურადღება, ვინ გატესტა ამ კანდიდატის ნიჭი, მე არ ვიცი. სხვათა შორის, კომაროვის [ფიზიკა-მათემატიკური] სკოლა მაქვს მე დამთავრებული და ხუთი ოლიმპიადა მაინც მაქვს მოგებული. უმაღლესი სასწავლებელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე.

არც ჭკუას ვუჩივი და არც გამოცდილებას, არც ენა მერევა. არ ვიცი, პრემიერმა როგორ გადააფასა ჩემი შესაძლებლობები ანდა ასაკში რა ნახა ასეთი?! 66 წლის ვარ და, თუ ჭკუით მოვიქეცი, 67 წლისაც გავხდები 1 დეკემბერს.

მე რომ გავიდე [მერობისთვის ბრძოლიდან], უნდა დარჩეს ერთი კაცი?! სასაცილოდ ვიგდებთ ამ ხალხს [ამომრჩეველს]?! მაშინ საერთოდ რისთვის ვატარებთ არჩევნებს, თუკი ყველა გვერდზე უნდა გავიწიოთ და მათ არცკი უნდა დაასიგნალონ, ისე უნდა გავდგეთ გვერდზე?!

ძალიან რბილად რომ ვთქვა [პრემიერის მოწოდებაზე], ეს არის ძალიან არაკორექტული საქციელი.

არ მესმის... არც ის უნდათ, რომ მერი მაინც იყოს მოსახლეობის პრობლემების მიმტანი გუბერნიაში თუ მთავრობაში?! 2017 წელსაც და ახლაც ჩემი პარტიის, თანაგუნდელების თხოვნით მივიღე მონაწილეობა მერის არჩევნებში.

არჩევნები სამართლიანად უნდა ტარდებოდეს, მოგვწონს თუ არა ის გუნდი და პარტიები, რომლებიც მოვლენ ხელისუფლებაში.

რადიო თავისუფლება: პრემიერმა ასევე მოგიწოდათ - „ნაციონალების“ წისქვილზე ნუღარ დაასხამს წყალსო...

თამაზ მეჭიაური: „ნაციონალების“ წისქვილზე მაგათმა დაასხეს წყალი, ძალიან დიდი ხანია. მე როცა მივატოვე „ქართული ოცნება“, 2016 წელს, ერთ-ერთი მიზეზი კოჰაბიტაცია იყო და კიდევ - შეფერხებები სამართლიანობის აღდგენაში.

„ნაციონალების“ პორტირება იყო და ჩააჩოჩეს „ქართული ოცნების“ ძველი გუნდი, რომელმაც ივანიშვილის [პოლიტიკაში] შემოსვლის შემდეგ, ბრძოლის წინა ხაზი გაიარა... ეს ხალხი ისეთი „ნაცებით“ ჩაანაცვლეს, რომლებმაც თავი დიდი ვერაფრით გამოიჩინეს თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ დამჯერები იყვნენ, კარგად მოერგნენ და ამ ნიშნით თანამებრძოლებად გაიხადა ამ ხელისუფლებამ.

თუ ვინმე „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, ეს „ქართული ოცნებაა“. მე მაქვს საკმაო არგუმენტი, რომ მათ ვუპასუხო, თუკი ასეთი ბრალდება აქვთ ჩემი მისამართით.

თუმცა ჩემთვის მიუღებელია უსამართლობა და [არჩევნების] გაყალბება - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით გაკეთდება ეს თუ „ქართული ოცნების“ ხელით.

რადიო თავისუფლება: თიანეთში რომ იყვნენ ჩამოსული პრემიერი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ხომ არ შეხვედრიხართ მათ?

თამაზ მეჭიაური: არა, არ გვქონია გადაკვეთა. აქ ვიყავი, მაგრამ არ მინახავს არავინ.

რადიო თავისუფლება: და თუ გქონიათ ამ თემაზე „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე სახის სხვა კომუნიკაცია, სხვა დროს? ხომ არ იყო არასაჯარო შემოთავაზებაც - რომ დაუთმოთ ადგილი მათ კანდიდატს?

თამაზ მეჭიაური: არ მიყვარს ჭორაობა და კონფიდენციალური რაიმე საუბარი რომ ყოფილიყო ვინმესთან, მაინც არ გავამხელდი ამას; მაგრამ არც ყოფილა.

ღიად რაც მომიწოდა [პრემიერმა] - გვერდზე გაიწიეო, არ გავიწიე.

რადიო თავისუფლება: თქვენი სიტყვებია - მმართველი პარტია დღეს განიხილავს ბიუჯეტს, როგორც „პარტიულ ობშიაკს“. რას გულისხმობდით?

თამაზ მეჭიაური: კი, ჩემი სიტყვებია. ფაქტიურად, დღეს საკითხს აყენებენ ასე - რომ თუ თვითმმართველობაში არ იქნება ცენტრალური ხელისუფლებისთვის მისაღები მერი, ის ვერ მიიღებს იმდენ დაფინანსებას, რაც მმართველი პარტიის კანდიდატის შემთხვევაში იქნებოდა.

ზუსტად ამის პასუხად გამოვიყენე ეს ჟარგონი. ბიუჯეტი შედგება იმ ფულით, რომელსაც პარტიული კუთვნილების მიუხედავად იხდის ყველა გადასახადის გადამხდელი და ასევე, ბიუჯეტი შედგება საგარეო და საშინაო სესხებისგან, რომლებიც ჩვენი შთამომავლობის გადასახდელია... შესაბამისად, ეს ფული არ უნდა დაიხარჯოს რომელიმე ერთი პარტიის სასარგებლოდ.

რადიო თავისუფლება: 2017 წელს თქვენ გახდით თიანეთის ოპოზიციონერი მერი. როგორ მუშაობდა რეალობაში ეს მოცემულობა? რა სახის პრობლემებს წააწყდით?

თამაზ მეჭიაური: ბევრი რამე გავაკეთე. დიახაც, გავაკეთე ამ წლებში - საბავშვო ბაღებიც, გზებიც, წყალსადენებიც, მინისტადიონებიც და სხვა ბევრი რამ. სხვათა შორის, მეც კარგად მემუშავებოდა და მეც ვემუშავებოდი მთავრობას გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს. ნაწილობრივ გიორგი გახარიასთანაც მომიწია და იქაც საქმიანი ურთიერთობა იყო.

რადიო თავისუფლება: მაგრამ პრემიერმა განაცხადა - თიანეთში, ოპოზიციონერი მერის პირობებში პრობლემები და დაძაბულობა იყოო; მეტი საქმის გაკეთება შეიძლებოდა და საბოლოოდ, თიანეთის მოსახლეობა დაზარალდაო... თქვენ რას იტყვით - დაზარალდა თიანეთი თქვენი მერობის დროს?

თამაზ მეჭიაური: თუ პრობლემები იქმნებოდა, იქმნებოდა ისევ „ქართული ოცნების“ საკრებულოს მხრიდან. დაპირისპირებაში მე კი არ ვიყავი, ისინი იყვნენ.

საკრებულოში 2/3-ს წარმოადგენდა „ქართული ოცნება“. მათ ჩემი იმპიჩმენტის საშუალებაც ჰქონდათ, 2018 წლიდან დაიწყეს კიდეც ეს პროცედურა, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

„ქართული ოცნების“ საკრებულო ცდილობდა, ნებისმიერი საბაბით ჩაეგდო ყველა საკითხი, რასაც ჩვენ ვაყენებდით. ორჯერ თუ სამჯერ [მუნიციპალიტეტის] ბიუჯეტიც ჩაგვიგდეს და მათ შორის - მათივე დაწერილი ბიუჯეტი, რომელიც მისვლისას მე დამხვდა.

ამ წინააღმდეგობის გამო, ცოტა უფრო ნელა და დაგვიანებით ვაკეთებდით იმას, რისი გაკეთებაც უფრო სწრაფად შეიძლებოდა. მაგრამ ისეთი რამ არ მომხდარა, რაც ძალიან დააზიანებდა ხალხს. პრობლემების დაძლევას რაღაცნაირად ვახერხებდით.

რადიო თავისუფლება: თქვენ უკვე ილაპარაკეთ, რატომ დაშორდით „ქართულ ოცნებას“ 2016 წელს. ახლა, წლების შემდეგ რომ უყურებთ თქვენს ყოფილ პარტიას, რა შთაბეჭდილება გრჩებათ? რა არის ამ ეტაპზე „ოცნების“ მთავარი პრობლემა?

თამაზ მეჭიაური: მთავარი პრობლემაა იმ თანაგუნდელების დაუფასებლობა, რომლებთან ერთადაც მოვიდნენ. გაცილებით შეკრული არიან „ნაციონალები“ და ვხედავთ, რომ ისინი დღემდე ერთმანეთს უდგანან მხარში. ამ გამოწვევებს მათ მძიმე პერიოდშიც კი გაუძლეს.

საბოლოო ჯამში, მე მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოს უნდა მართავდეს კოალიციური მთავრობა და უნდა ჰყავდეს მრავალპარტიული პარლამენტი. არ უნდა ხდებოდეს ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის.

თამაზ მეჭიაური

თიანეთის მერის პოსტს თამაზ მეჭიაური 2017-2020 წლებში იკავებდა. თანამდებობიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით გადადგა.

თამაზ მეჭიაური 2012 წელს გახდა მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკის სიით - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“. ის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მანამდე, თამაზ მეჭიაური კიდევ ორჯერ იყო დეპუტატი: მეოთხე (1995-1999) და მეხუთე (1999-2004) მოწვევის პარლამენტში.

"ქართული ოცნება" თამაზ მეჭიაურმა 2016 წელს დატოვა და დააფუძნა პარტია "ერთიანი საქართველოსთვის". თიანეთის მერის პოსტზე მეჭიაური ამჟამადაც სწორედ პარტიის წარდგენით იყრის კენჭს.

პარტია "ერთიანი საქართველოსთვის" 30 ოქტომბერს თიანეთის საკრებულოს კიდევ ერთი მაჟორიტარული მანდატისთვის იბრძოლებს, არჩევნების მეორე ტურში. მისი მეტოქეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG