2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე სააგიტაციო წესების დარღვევისთვის პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა. მოსამართლემ არ გამოიყენა კანონის ნორმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში დარღვევით მონაწილეობისთვის პირი 2000 ლარით ჯარიმდება.
მოსამართლის ეს მიდგომა გაუკვირდათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ორგანიზაციაში, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა.
"კახა კუჭავა არჩევნების დღეს უბანზე ქართული ოცნების სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა და კანონი დაარღვია. მისი ქმედება უბანზე აგიტაციას წარმოადგენს და ისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით. ეს იმდენად ცალსახა დარღვევა იყო, რამდენიმე დღის წინ საიას წარდგენილ საჩივარზე მსჯელობისას, ცესკომ კუჭავას წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. სხვა რეაგირებას არც ველოდით. დღეს სასამართლომ ამ ოქმთან დაკავშირებით იმსჯელა და სრულიად "მოულოდნელად", კუჭავას ქმედება მცირე მნიშვნელობის გადაცდომად შეაფასა და ჯარიმის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა", - დაწერა საიას წარმომადგენელმა, ნონა ქურდოვანიძემ "ფეისბუკზე".
კანონდარღვევა არჩევნების დღესვე აღიარა თავად კუჭავამ. მან თქვა, რომ ეს იყო "მექანიკური შეცდომა".
"ვიცი, რომ შესაბამისი რეაგირებაც იქნება და როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ 2 ოქტომბერს.
კუჭავა "ფეისბუკის" საშუალებით დღეს კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მიზანი წინასაარჩევნო აგიტაცია არ ყოფილა და დასძენს, რომ კანონდარღვევა სასამართლომაც დააფიქსირა.
"მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა "სოლიდარობის ფონდს" გადავურიცხო", - დასძინა მან.
დარღვევა ცალსახა იყო თავად ცესკოსთვისაც. კუჭავას საარჩევნო უბანზე მისვლიდან რამდენიმე საათში ცესკოს სპიკერმა თქვა, რომ აგიტაციის წესები დარღვეული იყო.
მასალა განახლდა კახა კუჭავას კომენტარით.