ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, ნატოში საქართველოს ინტრეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და საჭირო ნაბიჯების შეფასებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქართველო აგრძელებს პროგრესის გზას და შეერთებული შტატები მოელის საქართველოში დემოკრატის გაძლიერებას.
ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც ნახეთ საქართველო, აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმირების სფეროში. შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ხელმძღვანელებთან დღეს. გვქონდა საშუალება, მათთან განგვეხილა ის საკითხები, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, რომ წვლილი შევიტანოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებაში დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში, შეიარაღებული ძალების წვრთნაში, რომ საქართველოს უკეთ შეეძლოს თავდაცვა და აგრესიის შეკავება. რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭრას, აშშ მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის განვითარების გზაზე დამოუკიდებლობის დღიდან და ველით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება. აშშ-ის საელჩომ აღნიშნა გარკვეული პრობლემები უკანასკნელ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე გამოვხატეთ რწმენა საქართველოს უნარისადმი, გააუმჯობესოს ეს მიმართულება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ახალი ეტაპი უწოდა საქართველოს თავდაცვის და შეკავების გაძლიერების ინიციატივას, რომლის შესახებაც დღეს გამოცხადდა საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტისას.
თბილისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს და უცვლელი და მტკიცეა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა საქართველოდან დაიწყო ვიზიტი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში. ლოიდ ოსტინი უკრაინასა და რუმინეთსაც ეწვევა და ევროპულ ტურნეს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომაა დაგეგმილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ოსტინი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 2021 წლის 22 იანვრიდან, სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ.