საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 24 ოქტომბერს რუსთავის მე-17 დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის მიზეზების გამოძიება დაიწყო. სამსახური სწავლობს ციხეში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შესაძლო ფაქტს.
"სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა ადგილმდებარეობა; დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა; შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით ტარდება ხანძრის კერის ადგილის დათვალიერება, რომლის შემდგომ დაინიშნება სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა გამოკითხვა; მიმართული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის #17 დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, რათა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდეს ჩანაწერების გამოთხოვა", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო.
დღეს რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ, 14 ოქტომბერს რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილმა ხანძარმა ორი პატიმარი იმსხვერპლა. ინფორმაციას ადასტურებენ იუსტიციის სამინისტროშიც, რომელის დაქვემდებარებაშიც პენიტენციური დაწესებულებებია.
ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვალების ზუსტი მიზეზი - ეს იყო დაკვამლიანება თუ ხანძრით მიყენებული დამწვრობა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს.