უკვე ამოქმედდა ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანება, რომლითაც სამოგზაუროდ წამსვლელ პირებს შეუძლიათ დამატებითი აცრა "ფაიზერით" გაიკეთონ. რიგი ქვეყნები ამ დრომდე არ აღიარებდა ჩინური წარმოების ვაქცინებს და ქვეყნაში ტურისტული მიზნებისთვის უშვებდა მხოლოდ რამდენიმე ვაქცინით აცრილ ადამიანებს.
ბრძანება 11 ოქტომბრით თარიღდება და უკვე მოქმედია.
დადგენილების მიხედვით, თუ მოქალაქე უკვე აცრილია ორჯერადად "სინოვაკის" ან "სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით და გასულია მინიმუმ 28 დღე, დამატებით შეუძლია აიცრას Pfizer-ით, თუ ის საზღვარგარეთ მიდის, მათ შორის, სამოგზაუროდ, სწავლისთვის ან მკურნალობისთვის.
"სამგზავრო ბილეთი/ჯავშანი ან მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ ან დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა), წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინაცია არ ჩატარდება", - ვკითხულობთ დადგენილებაში.
ეს არ არის "ბუსტერ" დოზა. როგორც ჯანდაცვის უწყებები განმარტავენ, ეს არის ვაქცინის "ჩანაცვლება".
ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, თუმცა არსებობს პუნქტები, სადაც მისვლა პირდაპირ შეიძლება და წინასწარი რეგისტრაციის გავლა არ არის საჭირო.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, საყოველთაო ვაქცნაცია კი 4 მაისიდან. საწყის ეტაპზე საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში მხოლოდ ჩინური წარმოების ვაქცინები - "სინოფარმი", მოგვიანებით კი "სინოვაკი" იყო ხელმისაწვდომი. ამ ვაქცინებს ამ დრომდე არ აღიარებს ევროპის არაერთი ქვეყანა.