17-24 ოქტომბერს, წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ისევ ჩატარდება - უკვე მეშვიდედ. ოღონდ, „მწერალთა სახლი“ 13 უცხოელ ავტორს უმასპინძლებს.
საერთაშორისო პროგრამის გარდა, ფესტივალზე, ტრადიციულად იქნება ქართული პროგრამაც - ქართველი ავტორების მონაწილეობით.
ქალაქი, როგორც სიმბოლო - ქართული პროგრამა
ფესტივალის ამ ნაწილში თანამედროვე ქართველი მწერლები სამ ქალაქზე ილაპარაკებენ.
თბილისზე - დათო ქარდავა და აბო იაშაღაშვილი.
ქუთაისზე - ერეკლე დეისაძე და გიორგი ხასაია.
გორზე - ლელა სამნიაშვილი და ირმა ტაველიძე.
ქალაქის თემა წლევანდელი ფესტივალის ერთგვარი ლაიტმოტივია, ხოლო ფრაზა „ქალაქი, როგორც სიმბოლო“, ეკუთვნის ცნობილ ამერიკელ ბიტნიკ პოეტს, ლორენს ფერლინგეტს, რომლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ფესტივალის ნაწილია - გვეუბნება ლიტერატურული ფესტივალის მენეჯერი ნუკა ღამბაშიძე. ლორენს ფელინგეტი წელს, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უცხოელი მწერლების ნაწილის წიგნები უკვე ნათარგმნი და გამოცემულია ქართულადაც - მაგალითად, არგენტინელი არიანა ჰარვიცის რომანი „მოკვდი სიყვარულო“ ან ამერიკელი ბესტსელერების ავტორის, ბლეიკ კრაუჩის „ბნელი მატერია“.
უფრო დეტალურად, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე წელს ჩამომსვლელთა სია ასეთია:
- არიანა ჰარვიცი (არგენტინა):
არიანა ჰარვიცი 1977 წელს ბუენოს აირესში დაიბადა. ავტორს ხშირად ნატალი საროტს და ვირჯინია ვულფს ადარებენ. თანამედროვე არგენტინულ ლიტერატურაში იგი ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ფიგურაა. მისი პირველი რომანი, „მოკვდი, სიყვარულო“, 2018 წელს მოხვდა Republic of Consciousness Prizeის მოკლე და ბუკერის საერთაშორისო პრემიის გრძელ სიაში. 2019 წელს „მოკვდი, სიყვარულო“ „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. რომანი ქართულად თარგმნა თამარ ლეჟავამ.
- ვაჰე არსენი (სომხეთი):
2015 წლიდან არის ჟურნალ „უცხოური ლიტერატურის“ მთავარი რედაქტორი. ვაჰე სომხურად თარგმნის პოეზიას ინგლისური და რუსული ენებიდან. გამოცემული აქვს სამი პოეტური კრებული. მისი წიგნები გამოიცა ნიდერლანდებში (2010) და რუსეთში (2011). ვაჰე არსენის ლექსები ასევე თარგმნილი და გამოცემულია აშშ-ში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ფინეთში, პოლონეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ლატვიაში და სხვა ქვეყნებში.
- რასიმ გარაჯა (აზერბაიჯანი) Rasim Garaja (Azerbaijan)
რასიმ გარაჯა დაიბადა 1960 წელს. წერს და თარგმნის ლექსებს, მოთხრობებს და ესეებს. არის თავისუფალ მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლიტერატურისა და ხელოვნების ჟურნალ „ალატორანის“ მთავარი რედაქტორი. მან დააფუძნა პირველი დამოუკიდებელი მწერალთა ორგანიზაცია აზერბაიჯანში, პირველი დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი და ასევე პირველი ლიტერატუტული საიტი აზერბაიჯანულ ენაზე. მისი პოეტური კრებულები ნათარგმნი და გამოცემულია თურქეთში და ირანში.
- ალჰერდ ბახარევიჩი (ბელარუსი):
2018 წელს დაიბეჭდა მისი რომანი „ევროპის ძაღლები“, რომელიც ბახარევიჩმა თავად თარგმნა რუსულ ენაზე. რომანი რუსული ლიტერატურული პრემია დიდი წიგნის მოკლე სიის ფინალისტი გახდა. 2020 წელს ბელარუსის „თავისუფალმა თეატრმა“ დადგა რომანის სასცენო ადაპტაციით დადგა. მეორე გამოცემა,რომელიც 2021 წელს ლიტვაში დაიბეჭდა, ბელარუსის საბაჟომ საზღვარზე დააკავა. 2021 წლის აპრილიდან წიგნი მასში ექსტრემიზმის გამოვლენის ბრალდებით აკრძალულია ბელარუსის სახელმწიფოს მიერ. თავის მეუღლესთან, იულია ტიმოფეევასთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და დიქტატურის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.
- იულია ტიმოფეევა (ბელარუსი):
ის პოეტი და მთარგმნელია, არის სამი პოეტური კრებულის ავტორი. მისი ბოლო კრებული “პირი“ მინსკში 2020 წლის არჩევნების ფალსიფიკაციამდე რამდენიმე დღით ადრე გამოიცა. იულიას ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე, პოეტური კრებულები გამოცემულია პოლონეთსა და გერმანიაში. თავის მეუღლესთან, ალჰერდ ბახარევიჩთან ერთად მონაწილეობდა მინსკის 2020 წლის მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებში. ეს ყველაფერი აღწერა დღიურის ფორმით აღწერილი იმ დღეების ქრონიკები გამოიცა შვედეთში სახელწოდებით „დღეები ბელარუსში“ (გამომცემლობა Norstedts, 2020) და გერმანიაში სახელწოდებით „მინსკი. დღიური“ (გამომცემლობა edition.fotoTAPETA, 2021)
- ორელია ლასაკი (საფრანგეთი):
იგი ორენოვანი პოეტია, წერს ფრანგულად და ოქსიტანურად, რომელიც შუა საუკუნეების ტრუბადურების ენაა და ამჟამად გაქრობის პირას არის. ორელია დაინტერესებულია ხელოვნების სხვადასხვა ფორმებს შორის კავშირით და ხშირად თანამშრომლობს ვიზუალურ არტისტებთან, ვიდეორეჟისორებთან, მოცეკვავეებთან და განსაკუთრებით, მუსიკოსებთან. მისი წიგნები 12-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. იგი პოეტურ პერფორმანსებს მუსიკის თანხლებით წარადგენს ევროპაში, ამერიკაში, აფრიკაში, ინდონეზიაში, ინდოეთში და ჩინეთში.
- იმან ჰუმაიდანი (ლიბანი / საფრანგეთი):
ის მრავალ ენაზე თარგმნილი ოთხი რომანის ავტორია. მისმა ბოლო რომანმა „სამოთხის 50 გრამი“ 2016 წელს კატარას პრიზი მიიღო, ფრანგული თარგმანი კი 2017 წელს მოხვდა არაბული სამყაროს პარიზული ინსტიტუტის პრემიის მოკლე სიაში. მისი პირველი რომანი ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი...“ მოგვითხრობს ქალებზე, რომლებიც ომის დროს ბეირუთის ორ ნაწილს შორის სასაზღვრო ზოლში ცხოვრობენ. 2015 წლიდან იმან ჰუმაიდანი წერის ხელოვნების პროფესორია პარიზის მე-8 უნივერსიტეტში. იგი ლიბანის პენ-ცენტრის თანადამფუძნებელი და მოქმედი პრეზიდენტია. იმანი ასევე არის საერთაშორისო პენ-ცენტრის საბჭოს წევრი. ამჯერად წერს მეხუთე რომანს და ცხოვრობს ბეირუთსა და პარიზში. გამომცემლობა „ინტელექტმა“ ქართულად გამოსცა მისი რომანები: „ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი...“ და „ველური თუთა“, ხოლო გამომცემლობა „აკადემიურმა წიგნმა“ - რომანი „სხვა ცხოვრებანი“. წიგნები ქართულად თარგმნა დარეჯან გარდავაძემ.
- ტარიკ ელ-ტაიბი (სუდანი / ავსტრია):
ტარიკ ელ-ტაიბი დაიბადა 1959 წელს კაიროში. მას გამოცემული აქვს ხუთი რომანი, ორი მოთხრობების კრებული, ხუთი პოეტური კრებული, ერთი პიესა, ერთი ავტობიოგრაფიული წიგნი და ესეები არაბულად. მისი წიგნები გამოცემულია გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ, მაკედონიურ, რუმინულ და სერბულ ენებზე. მისი ლექსები იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ანთოლოგიებსა და ჟურნალებში - შვედეთში, ჩინეთში, პორტუგალიაში, რუსეთში, უკრაინაში, ხორვატიაში, ბოსნიაში, მალტაში და სხვაგან. ტარიკ ელ-ტაიბი ამჟამად ასწავლის ავსტრიის სამ - ვენის, გრაცის და კრემსის უნივერსიტეტში.
- ჰაიკე ფიდლერი (შვეიცარია):
ჰაიკე ფიდლერი დაიბადა 1963 წელს გერმანიაში და 1987 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ჟენევაში. იგი მწერალი, მთარგმნელი და მრავალენოვანი ბგერით-გამომსახველი ხელოვანია, რომელიც ელექტროაკუსტიკური იმპროვიზაციის საშუალებით იკვლევს ენასა და ბგერას შორის არსებულ ზღვარს. ჰაიკე ფიდლერი არის ერთი რომანის, ლექსების ოთხი კრებულის, ავტობიგრაფიული წიგნის, მოთხრობებისა და ერთი ფლიპ-ბუკის ავტორი.
- ანასტასია ლევკოვა (უკრაინა):
იგი მწერალი, ჟურნალისტი, რედაქტორი და კულტურის მენეჯერია. ანასტასია ლევკოვა არის ავტორი საყმაწვილო რომანისა „არც გოგონა და ჯერ არც ქალი“, და საბავშვო წიგნისა „აშუღი ომერი“ სახელგანთქმული ყირიმელი თათარი პოეტის შესახებ, ასევე საყმაწვილო სამეცნიეროპოპულარული წიგნისა „საერთო ენა. როგორ იბადებიან და ცოცხლობენ სიტყვები“. მან შეიმუშავა 2018 წელს დაფუძნებული მწერლებისა და მთარგმნელების კონკურსის, ყირიმული ლეღვის პრინციპები და ამავე წლიდან არის კონკურსის კოორდინატორი და ჟიურის წევრი.
- ლიუბა იაკიმჩუკი (უკრაინა):
ის არის პოეტი, კინოსცენარისტი, დრამატურგი და მთარგმნელი. ავტორია რამდენიმე პოეტური კრებულის, მათ შორის: „როგორც მოდა“ (2009) და „დონბასის გარგარი“ (2015). ლიუბა იყო პირველი უკრაინაში, ვინც სამი სხვადასხვა ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა, ხოლო მეორე, ვისაც გადაეცა ნიუიორკის International Poetic Award of the Kovalev Foundation-ის პრიზი და მოხვდა Forbes-ის რეიტინგში „10 საუკეთესო უკრაინული წიგნი ომზე“. ლიუბა იაკიმჩევი ასევე არის ორი ფილმისა და ორი პიესის ავტორი. მისი პიესა „კედელი“ იდგმება ივან ფრანკოს სახელობის ეროვნულ აკადემიურ თეატრში.
- ბლეიკ კრაუჩი (აშშ):
იგი ბესტსელერი რომანების ავტორი და სცენარისტია. მას ეკუთვნის რომანი „ბნელი მატერია“, რომლის მიხედვითაც თავადვე დაწერა სცენარი „სონი პიქჩერსის“ სერიალისთვის. მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტრილოგია „ვეივარდ ფაინსი“ სტუდია „ფოქსმა“ სერიალად გადაიღო. სერიალი N1 შოუ გახდა 2015 წლის ზაფხულში. კრაუჩი ოცდაათზე მეტ ენაზე თარგმნილი თორმეტზე მეტი რომანის ავტორია, ხოლო მისი მოთხრობები ქვეყნდება სხვადასხვა ჟურნალებში, მათ შორის Ellery Queen-ში და Alfred Hitchcock Mystery Magazine-ში. „ბნელი მატერია“ 2018 წელს გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ. რომანი ქართულად თარგმნა ალექსი სიუკაევმა
- ალექსეი ცვეტკოვი (ისრაელი):
იგი რუსულენოვანი ემიგრანტი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტია. მან სერგეი განდლევსკისთან, ბახიტ კენჟეევთან და ალექსანდრ სოპროვსკისთან ერთად ჩამოაყალიბა არაოფიციალური პოეტური ჯგუფი „მოსკოვის დრო“. 1975 წელს დააპატიმრეს და მოსკოვიდან გააძევეს, იმავე წელს ემიგრირდა აშშ-ში. გამოსცემდა ემიგრანტულ გაზეთს „რუსსკაია ჟიზნ“ (სან-ფრანცისკო, 1976-77). მუშაობდა წამყვანად რადიოსადგურებში „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“. 1980-იანი წლების ბოლოს ჩამოშორდა პოეზიას და დაიწყო პროზაული ნაწარმოებების წერა. 2004 წელს, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, დაუბრუნდა პოეზიას. იგი წერს და აქვეყნებს ლექსებს და ესეებს ინგლისურად. 2007 წელს მიენიჭა ანდრეი ბელის სახელობის პრემია. დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ნიუ-იორკში. 2018 წელს გადავიდა ისრაელში, სადაც ამჟამად ცხოვრობს.
წელს ფესტივალზე ელოდნენ გაცილებით მეტ სტუმარს, მაგრამ როგორც „მწერალთა სახლის“ დირექტორი ნატაშა ლომოური ეუბნება რადიო თავისუფლებას, ბევრი ქვეყნისთვის საქართველო ისევ აკრძალული ქვეყნების სიაშია კოვიდსიტუაციის გამო. მაგალითად, წელს ფესტივალს ვერ შეუერთდებიან ირლანდიელი პოეტები, რომელთა ლექსების ანთოლოგიაც სწორედ „მწერალთ სახლის“ მიერ მომზადდა.
ნატაშა ლომოური გვეუბნება, რომ ქალაქის თემის გარდა, ფესტივალზე წელს დაგეგმილი დისკუსიები დღევანდელ დღესაც ეხმაურება. მაგალითად, დისკუსია „მწერლის შინაგანი და იძულებითი იზოლაცია“, ასევე საქართველოსა და უკრაინის პენცენტრების მიერ ორგანიზებული დისკუსია, რომლის თემაც იქნება „მწერლობა ომისა და დიქტატურის პირობებში“ და მესამე - „ლიტერატურა ოკუპაციის პირისპირ“.
ფესტივალის ფორმატი ოდნავ შეიცვალა - დღეში მხოლოდ სამი ღონისძიებაა დაგეგმილი - შესაბამისი წესების დაცვით.
„მწერალთან პირისპირ შეხვედრა მაინც სხვანაირად მნიშვნელოვანია, შარშანაც ჩავატარეთ ონლაინ სესიები, თუმცა, ფესტივალი მაინც ესაა - მათი ცოცხლად მოსმენა, მათთან შეხვედრა, გაზიარება და ეს ფესტივალის სიცოცხლისუნარიანობისთვის არის გადამწყვეტი“, - გვეუბნება "მწერალთა სახლის" დირექტორი.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორი და მასპინძელი მწერალთა სახლია. წლევანდელი ფესტივალი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში გაიმართება.