ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსთან დაკავშირებით, ბათუმის მერია აცხადებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მერიას არ გაუცია დაშენების ნებართვა, ასევე, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული.
„სახლის შიგნით სარემონტო სამუშაოებს მერიისგან ნებართვა არ ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არც არავის მოუმართავს ნებართვისთვის და, შესაბამისად, არც გაგვიცია ნებართვა. არაფერი ვიცით, რა კეთდებოდა, რადგან შიგნით კეთდებოდა. მუნიციპალურ ინსპექციაში არ შესულა არანაირი საჩივარი. მე გადავამოწმე და არანაირი შეტყობინება არც წერილობითი, არც სატელეფონო არ შემოსულაო, მეუბნებიან.
12 ოჯახია გაყვანილი [სასტუმროებში], დანარჩენებმა უარი განაცხადეს, რადგან ახლობლებთან და ნათესავებთან გადადიან. ახლაც მიმდინარეობს მუშაობა. ვისაც ექნება სურვილი, ყველას გადავიყვანთ სასტუმროში, შემდეგ კი ქირით იქნებიან უზრუნველყოფილები, სანამ ამ შენობის ბედი გაირკვევა“, - განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გარდაცვლილია 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ადგილობრივი მოსახლობა აცხადებს, რომ ხუთსართულიან კორპუსს კიდევ ორი სართული ჰქონდა დაშენებული, ხოლო კორპუსის ნგრევა სავარაუდოდ პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია, როდესაც ერთ-ერთი მობინადრე სარდაფისა და ბინის გაერთიანებას ცდილობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია სამი ადამიანი.