"ნანგრევებში არის 5-ზე მეტი ადამიანი, მათგან 3 ბავშვი" - რას ჰყვება თვითმხილველი
რადიო თავისუფლება ესაუბრა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის თვითმხილველებს. მათგან ერთი, რომლის კორპუსის კედელიც ჩამოგრეულ სახლს ესაზღვრება, ამბობს, რომ დანამდვილებით და ოჯახის წევრებზე დაყრდობით შეუძლია გვითხრას, რომ ნანგრევებში არის 3 ბავშვი და 4 საშუალო ასაკის ზრდასრული. ჩვენი წყაროს ცნობით, ბავშვები სხვადასხვა ოჯახებიდან არიან, ორი ბავშვი ერთი ოჯახის წევრია, მესამე - სხვა ოჯახის. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ ბავშვთან ერთად იმყოფება ძიძა.
კადრებში, რომელსაც შემთხვევის ადგილიდან ვიღებთ, ჩანს ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილები - ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოყვანილი ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
კადრებში ასევე ჩანს, როგორ ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ხმა გააგონონ მაშველებს და იქ მყოფ ადამიანებს.
"შემიძლია სუნთქვა", "მესმის შენი ხმა", - უთხრა ნანგრევებში მოყოლილმა ერთმა ადამიანმა მაშველს, რომელიც ნანგრევებზე დადიოდა.