Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები საქართველოში იმყოფებიან


საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი, ახალი თავმჯდომარის ადმირალ რობ ბაუერის მეთაურობით ეწვია. კომიტეტის წევრები ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდნენ.

როგორც თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ნატო-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, რა დროსაც გაიმართება პლენარული სხდომა. სხდომაზე განხილული იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით მიმდინარე ინიციატივების განხორციელების თემები და, ასევე, რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ამ საკითხებში საქართველოს წვლილს. ასევე განხილული იქნება ნატო-საქართველოს ერთობლივი სწვალება, რომელიც დაგეგმილია 2022 წელს და განსაკუთრებით ხაზი გაესმება ნატოს ურთიერთობის და თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაეცნობიან.

საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის როზარია პუგლისის თქმით, ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ სასაუბროდ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. 2019 წლის შემდეგ, საქართველო ისევ მასპინძლობს ნატოს სამხედრო კომიტეტს. ბოლოს, ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები, კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საქართველოში 2019 წლის მარტში იმყოფებოდნენ. კომიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ადმირალი ბაუერი, რომელიც პირველად სტუმრობს საქართველოს. ეს ვიზიტი ჩვენს საკმაოდ დატვირთული საქმიანობის კალენდარში შედის და საქართველოსა და ნატოს შორის არსებული დიალოგის ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველო ნატოს უნიკალური პარტნიორია. აღნიშნული ვიზიტი მოგვცემს შესაძლებლობას, განვაახლოთ საუბარი რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ“, - ამბობს როზარია პუგლისი.

ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნობიან.

საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატოს სამხედრო კომიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერში ეხმაურება, მისი თქმით, ვიზიტი ადასტურებს, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან. მისი ვიზიტი ადასტურებს, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს.

შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ალიანსთან თანამშრომლობის კონტექსტში მიღწეული წინსვლა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ჩვენი აქტიური ჩართულობა“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

XS
SM
MD
LG