იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განმარტა, რატომ გადაწყდა 12-დან 15 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების ვაქცინაციის დაწყება.
„ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა კორონავირუსის იმ მუტაციამ, რომელიც ახლა დომინირებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში - "დელტა" ვარიანტი, რაც ახლა ჩვენთან არის წამყვანი, მისი ერთ-ერთი თავისებურებაა სწორედ ბავშვებზე უფრო მეტი ზემოქმედება, ვიდრე ამას იწვევდა აქამდე არსებული ბრიტანული, ე.წ. ალფა ან ჩინური ვარიანტი. "დელტამ" ძალიან შეცვალა ინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებში, "დელტამ" ძალიან გაახანგრძლივა, გააახალგაზრდავა კორონავირუსის საშუალო ასაკი. ამის გამო ძალიან ბევრმა ქვეყანამ მაისიდან დაიწყო ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. მეტიც, აშშ-ის პედიატრიის აკადემიამ განაცხადი შეიტანა FDA-ში 5-დან 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის დაჩქარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისი სიტყვებით, საქართველოში კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი ახლაც დომინანტურია. ქვეყანაში იყო პერიოდი, როდესაც პედიატრიული პაციენტებისთვის საწოლების რაოდენობაც კი არ იყო საკმარისი, იმდენად მოიმატა ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის საჭიროებამ.
„ამიტომ დღეს ვაქცინაციის საბჭოს შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც გულისხმობს, პირველ ეტაპზე, განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვების ვაქცინაციას. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ინფიცირების შემთხვევაში დაკავშირებულია ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების მაღალ რისკთან. ეს არის ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიები, ეს არის გულის, ღვიძლის, თირკმლის და ა.შ. თანდაყოლილი დაავადებები. ასე რომ, პირველ ეტაპზე ქვეყანა დაიწყებს ვაქცინაციას რისკის ჯგუფებში და შემდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო და გადაწყვეტს, გაფართოვდება თუ არა ეს ჯგუფები და გახდება თუ არა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უნივერსალური რეკომენდაცია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
12-დან 15 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით მოხდება. ივანე ჩხაიძის განცხადებით, დარჩენილია ტექნიკური დეტალები, რომლის შეთანხმების შემდგომ ვაქცინაცია შესაძლებელი, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან იქნება.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 28 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 31 828 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2 228 შემთხვევა.
ბოლო დღე-ღამეში 1 711-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 6 ოქტომბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 7 815 ადამიანი.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 844 965 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 995 019 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35%. სრულად ვაქცინირებულია 849 946 - მოზრდილი მოსახლეობის 29.8%.
საქართველოში ნებაყოფლობითი, უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.