სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პატიმრობა მიუსაჯა ელგუჯა ცომაიას, პირს, რომლის სახლშიც იმყოფებოდა საქართველოში ფარულად შემოსული მიხეილ სააკაშვილი, როცა ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
ელგუჯა ცომაიას გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება, მისი დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია.
"ეს არის არარსებულ დანაშაულზე დასჯა. 63 წლის კაცი, რომელმაც მეუღლე დაკრძალა ცოტა ხნის წინ, მოსამართლე კოპალიანმა გააგზავნა ახლა გლდანში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა. ეს ადამიანი არის აფხაზეთიდან დევნილი, ომი აქვს გამოვლილი. რატომ ხდება არარსებული მუხლით ადამიანის ციხეში გამწესება?" - თქვა დაკავებულის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ამ საქმეში მოწმეთა უმეტესობა პოლიციელები არიან. მოწმეები სასამართლო სხდომაზე მიანიშნებდნენ იმაზე, რომ დაკავებული ელგუჯა ცომაია ფლობს იარაღს - ბექა ბასილაია ამბობს, რომ მას აქვს ამ იარაღის ფლობის უფლება.
ბექა ბასილაია განმარტავს იმასაც, რომ ელგუჯა ცომაია დააკავეს ბენზინგასამართ სადგურზე. მიხეილ სააკაშვილი კი მის ბინაში ღამის გასათევად მიიყვანა მისთვის [ცომაიასთვის] უცნობმა პირმა, რომელსაც ეკეთა პირბადე და რომლის ვინაობაც ბინის მფლობელისთვის ამ დრომდე არ არის ცნობილი.
1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეოებიც გამოაქვეყნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.