ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მიცემული ხმების დათვლა. წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოში პროპორციული სიით წევრები ეყოლება 4 პარტიას.
ოლქის იურისტის, ზვიად სურმანიძის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 39.42%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 38.34%, „გახარია-საქართველოსთვის“ - 10.4% და „ლელომ“ - 3.25%. ბათუმის საკრებულოს არჩევნებში 16 პარტია მონაწილეობდა. 4-ის გარდა, ვერცერთმა ვერ გადალახა 3%-იანი ბარიერი.
რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, წინასწარი მონაცემებით, ბათუმის 7 მაჟორიტარული ოლქიდან, 5-ში პირველივე ტურში გაიმარჯვეს, ანუ ხმების 40%-ზე მეტი მიიღეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა და 2-ში - „ნაციონალური მოძრაობის“.
ბათუმის ახალი მერის ვინაობას მეორე ტური გაარკვევს, რადგან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე, რომელსაც პირველი ტურის შედეგად ხმების 41.97% აქვს და „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი. მას პირველ ტურში ხმა მისცა 41.08%-მა.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით, მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს. წელს ეს დღე 30 ოქტომბერია. მეორე ტურში გამარჯვებას ხმების უბრალო უმრავლესობა სჭირდება.