„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ქუთაისის მერობის კანდიდატი, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
მისი თქმით, პარტიის დამკვირვებლებმა უბნებზე არაერთი სხვადასხვა ტიპის დარღვევა დააფიქსირეს, მათ შორის, ერთი პირის მიერ რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრის ფაქტი, უბნებზე თანხების დარიგების შემთხვევა, წინასწარ შევსებული ოქმი და ა.შ.
ხატია დეკანოიძის თქმით, ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანს პირადად მეთვალყურეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნია, რომელიც თანამშრომლობს „ქართული ოცნების“ კოორდინატორებთან. ამასთანავე, ქუთაისის მერობის კანდიდატის მტკიცებით, კობა გაბუნია „შემჩნეულია ფინანსური რესურსის მობილიზებასა და თანხის დარიგებაში“:
„მინისტრის მოადგილეს, ქუთაისში „ქართულმა ოცნებამ“ ჩააბარა არა მხოლოდ 124-ე უბანი, არამედ ჩააბარა არჩევნების მეთვალყურეობა. მე მინდა ვუთხრა მას, მინისტრის მოადგილეს, იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მოგიწოდებთ და მათ შორის, მოვუწოდებ ყველა შესაბამის უწყებას, მიაქციონ ყურადღება ამ ადამიანს. შეეშვით მეთვალყურეობას, მოშორდით უბანს. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივედით, ის წავიდა უბნიდან, მაგრამ მაინც ვაფრთხილებ მას პირდაპირი ეთერით, რომ შეეშვას უბნებს, რადგან ეს არის დანაშაული და სირცხვილია, რომ მინისტრის მოადგილე ზის და ფულს არიგებს“.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, თანხის დარიგების ფაქტი მათ ასევე დააფიქსირეს ქუთაისის 95-ე საარჩევნო უბანზე. მისი თქმით, თანხას არიგებს „ქართულ ოცნებასა“ და ქუთაისის მერიასთან დაახლოებული პირი.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
ხმის უფლების მქონე მოქალაქეები ირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოების წევრებს. პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩევა საკრებულოების სულ 2068 წევრი. 2 ოქტომბრის არჩევნებში 43 პარტია მონაწილეობს.
მერის არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისის საკრებულოში მოსახვედრად პარტიებმა უნდა მიიღონ ხმების არანაკლებ 2.5%.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 497 345. საქართველოში 3 664 საარჩევნო უბანია.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე რეფერენდუმად მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა. მას შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში - 2024 წელს ჩატარდება.