ბათუმის 79-ე ოლქის 103-ე და 44-ე საარჩევნო უბნების პერიმეტრზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის"(საია) დამკვირვებლებსა და უცნობ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც საია-ს დამკვირვებელმა, თემურ ირემაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, უბნის პერიმეტრზე შენიშნა საეჭვო პირები, დაინტერესდა მათი ვინაობით და პასუხის ნაცვლად მათგან აგრესია მიიღო:
"გადავწვიტე საეჭვო ფაქტის გადამოწმება, ჩავრთე ტელეფონზე ვიდეოგადაღების რეჟიმი, ვიღებდი ამ ფაქტს და როცა მივდიოდი კითხვის დასასმელად, უცნობმა პირმა ხელიდან გამომგლიჯა ტელეფონი და მითხრა, რომ თავ-ყბას დამინგრევდა და ამის [ვიდეოგადაღების] უფლება არ მქონდა".
დამკვირვებელმა პოლიცია გამოიძახა. თემურ ირემაძის თქმით, საეჭვო პირებს ჰქონდათ სიები და დაპირისპირების შემდეგ, იქვე მდგარ მიკროავტობუსში ჩასხდნენ.
ამავე უბანზე, საია-ს დამკვირვებელთან დაკავშირებულ ინციდენტამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, გარე პერიმეტრზე მყოფი პირები დაემუქრნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტსაც. მისი ინფორმაციით, ბათუმის არაერთ საარჩევნო უბანთან თვალშისაცემია არაუფლებამოსილი პირების შეკრება, მათი ნაწილი ავტომობილებში იმყოფება.