Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეზერაშვილი: დახურავთ ფორმულას? იმ წუთშივე გაჩნდება ახალი ფორმულა!


დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი

ტელეკომპანია „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

„ჩემი მოლოდინი გამართლდა. იმთავითვე ცხადი იყო, რა მიზანს ისახავდა ივანიშვილი, როცა თავის „სასამართლო ტროიკას" დაავალა ორ ინსტანციაში ჩემ მიმართ გამამართლებელი განაჩენის შემობრუნება და „უზენაესში" გამტყუნება.

ჯიბის მოსამართლეებმა მყისიერად შეასრულეს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ნება და ამით გზა გაუხსნეს მთავარ კომპონენტს მთელი ჩანაფიქრისა! დღეს უკვე ივანიშვილის ხელისუფლებამ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა ჩემ წინააღმდეგ და ვიცით, რომ აპირებენ ტვ ფორმულაში ჩემი წილის დაყადაღებას! რა ინფორმაციაც გვაქვს - სახეზეა ტვ ფორმულას დახურვის განზრახვა!

მთელი ჩანაფიქრი ნათელია - არჩევნებში მოსალოდნელი ფიასკოს შიშით, დაიწყო ახალი ტალღა კრიტიკულ მედიაზე "სამართლებრივი" შტურმის!

დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის კამპანიასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დაემატება ივანიშვილის მცდელობა, ფიზიკურად დაადუმოს ფორმულაც და სხვა მედიებიც! ჩვენი საზოგადოება დაამარცხებს მათ, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე ევროპულ სასამართლოებში - უკლებლივ ყველგან!" - აცხადებს კეზერაშვილი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს დამატებით გაცხადდა, რომ სამიზნე არის სიტყვის თავისუფლება. მაგრამ, კეზერაშვილს მიაჩნია, რომ ამ ბრძოლას უმძიმესი შედეგები ექნება ივანიშვილისთვის და მმართველი ძალისთვის!

„განსაკუთრებულად საშიშად მიაჩნია მმართველ კლანს ფორმულას თანამშრომლობა ედისონ რისერჩთან და ფორმულას ეთერში, ძალიან მაღალი სანდოობის ეგზიტპოლების გამოქვეყნების გეგმა 2 ოქტომბერს 20:00 საათზე.

დამოუკიდებელი მედია მაინც შეასრულებს თავის მოვალეობას და სიმართლეს ეტყვის ქვეყანას ზეგ - რეფერენდუმის დღეს!

საქართველოში შეუძლებელია განსხვავებული აზრის ჩახშობა, პლურალიზმის გაუქმება, ოპონენტთა დადუმება და საბჭოთა ჭაობში, რუსულ სივრცეში ქვეყნის საბოლოოდ ჩაძირვა!" - აცხადებს დავით კეზერაშვილი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ მას ვერავინ აუკრძალავს ჟურნალისტების მხარდაჭერას.

„ვერანაირი ჯიბის სასამართლოები ვერ ამიკრძალავს ასობით თავისუფალი ჟურნალისტისა და ნიჭიერი, კრეატიული ადამიანების მხარდაჭერას! ყველა "სამართლებრივი" გზა განწირულია!

დახურავთ ფორმულას? იმ წუთშივე გაჩნდება ახალი ფორმულა! თავისუფალ სიტყვას ვერ მოერევით!" - ნათქვამია კეზერაშვილის განცხადებაში.

ტელეკომპანია „ფორმულის" დაყადაღების მოთხოვნას უარყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. როგორც მის განცხადებაში არის აღნიშნული, მას არ მოუთხოვია ტელეკომპანიის წილის დაყადაღება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამავე უწყების ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და მისი მინისტრობის დროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ნინუას სასამართლოში უჩივის. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მოთხოვნა "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა".

7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ტელეკომპანია "ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრეს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა.

კეზერაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ სამი წევრის შემადგენლობით. ესენი არიან: შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და მერაბ გაბინაშვილი.

2017 წელს სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას შალვა თადუმაძე იკავებდა.

კეზერაშვილი გეგმავს მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

XS
SM
MD
LG