Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უბაღოდ, მშობლებთან გამოკეტილები: როგორ დაავიწყდა სახელმწიფოს ყველაზე პატარები


საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკამ“ გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში - პანდემიის გავლენა სკოლამდელ განათლებაზე, რომლის თანახმად, 2020-2021 წლებში კოვიდპანდემიამ საქართველოში სკოლამდელი განათლების სისტემა მნიშვნელოვნად დააზიანა.

კვლევის ავტორები წერენ, რომ საქართველოს ცენტრალურ მთავრობას „არ გააჩნდა სპეციალური პოლიტიკა/ხედვა პანდემიის პერიოდში სკოლამდელ დაწესებულებებთან დაკავშირებით“, ხოლო სიტუაციის მართვის ერთადერთ საშუალებას „წარმოადგენდა ქვეყნის ყველა ბაღის ერთობლივი დახურვა/გახსნა. საკუთარი სტრატეგია არც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შეუმუშავებია“.

მთელი წლის განმავლობაში, 2020 წლის მარტიდან (პირველი კარანტინი) 2021 წლის მარტამდე საბავშვო ბაღებმა მხოლოდ 4-6 კვირა იმუშავეს, აჭარაში კი ისინი საერთოდ არ გახსნილან.

საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც პანდემიასთან დაკავშირებული პოლიტიკის შექმნა და მართვა ევალებოდა, საბავშვო ბაღები მხოლოდ აგვისტოს ბოლოს ახსენა, ხოლო მათი მუშაობის წესები მხოლოდ სექტემბერში გამოცხადდა. გამოკვლევის ავტორების დასკვნით, პანდემიის ქრონოლოგია აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობისთვის ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სკოლამდელი განათლება.

ისიც გამოიკვეთა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ბაღების რეგულაციები შეიმუშავა სკოლამდელი განათლების სფეროს სპეციალისტებისა და ექსპერტების გარეშე.

პროცესში ჩართული არ ყოფილა განათლების სამინისტრო, არც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

კვლევაში მონაწილეობდა 470 ბაღი (სადაც რეგისტრირებულია 40736 ბავშვი) და 2298 მშობელი. გამოკითხული ბაღების 30% არის ქალაქში, ხოლო 70% - სოფლად ან დაბაში.

როგორც კვლევისას გაირკვა, ყველაზე რთულად შესასრულებელი და საგანმანათლებლო/სააღმზრდელო პროცესის ხელის შემშლელი რეგულაცია გახდა:

  • პირბადის ტარება - 41%;
  • საკუთარი ნივთის თხოვების აკრძალვა - 42%;
  • ბავშვებს შორის დისტანციის დაცვა - 56%.

ამ 470 ბაღში პერსონალის მხოლოდ 60%-ს ჩაუტარდა შესაბამისი ტრენინგი.

რეგულაციებთან დაკავშირებული ტრენინგი სპეციალისტებმა მხოლოდ 25%-თან ჩაატარეს.

მუნიციპალიტეტებში ყველამ სხვადასხვანაირად გაიგო, რომელი სახის საგანმანათლებლო რესურსი უნდა ამოეღოთ ხმარებიდან და რომლის დატოვება იყო დაშვებული.

ერთადერთი წესი, რომელიც ყველგან შესრულდა, იყო სანიტარიულ პირობებთან დაკავშირებული.

გამოკითხული ბაღების 7%-ს გაუჩნდა სირთულე ე.წ. ცხელების ოთახის გამოყოფისას.

ამ 420 ბაღიდან მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულებადია. დანარჩენის აზრით, წესები ვერ შესრულდებოდა.

ვინ რა (არ) გააკეთა

ახლა ვნახოთ, პასუხისმგებელი შტოების მიხედვით ვინ რა არ გააკეთა და პირიქით

საკორდინაციო საბჭო:

  • არ შეიმუშავა პოლიტიკა.
  • საბჭოს წევრები არც განიხილავენ საბავშვო ბაღს, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას.
  • სსსმ/შშმ ბავშვებისთვის ბაღის/მომსახურების ცენტრების უწყვეტი ფუნქციონირების საკითხი არ განხილულა.
  • სამაგიეროდ, გადაწყვიტეს ბაღების საყოველთაო დახურვა.

ჯანდაცვის სამინისტრო:

  • შეიმუშავა რეგულაციები.
  • თუმცა პროცესი იყო გაუმჭვირვალე.

განათლების სამინისტრო:

  • მას საერთოდ არ მიუღია წესების შემუშავების პროცესში მონაწილეობა, არ დაუყენებია რეგულაციების გადახედვის საკითხი და
  • არ შეუქმნია დისტანციური სწავლებისთვის დამატებითი მასალები.

მუნიციპალიტეტი:

  • ყველა მუნიციპალიტეტი უპირობოდ ასრულებდა ცენტრალური ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
  • დროულად ვერ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადების ტრენინგის ონლაინმოდული.

არადა, რა სჭირდებოდა ყველაზე მეტად გამოკითხულ ბაღებს? ამ გამოკვლევის თანახმად:

  • 27% ჩიოდა - მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე.
  • 50%-ისთვის პრობლემა იყო - ტექნიკური აღჭურვილობა და ინტერნეტი.
  • 25% ასახელებდა საგანმანათლებლო რესურსის ნაკლებობას.
  • 54% - ეზოს კეთილმოწყობას.
  • 30% - კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგებს მოითხოვდა.

როგორც ირკვევა, თბილისში, სადაც ბაღების აბსოლუტური უმეტესობა დიდია (რამდენიმეჯგუფიანი და ჯგუფში 30-ზე მეტი ბავშვია), გამოკითხული ბაღების 30% (3485 ბავშვი) დაიხურა თანამშრომლის კოვიდით დაავადების გამო. შედარებისთვის, ყველა გამოკითხული ბაღიდან, სადაც პატარა ჯგუფებია (16 ბავშვამდე), იმავე მიზეზით დაიხურა მხოლოდ 4%.

აბსოლუტურად ყურადღების მიღმა დარჩნენ სსსმ და შშმ ბავშვები

  • არანაირი სპეციალური დახმარება ამ ბავშვებისთვის ან მათი ოჯახებისთვის მუნიციპალიტეტებს არ გაუწევიათ.
  • ბაღების და მუნიციპალიტეტების მხრიდან ეს საკითხი საერთოდ არ განხილულა.
  • ხოლო ბაღების 74%-მა განაცხადა, რომ საერთოდ არ ჰყავთ სსსმ ბავშვები.

უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, კვლევისას გამოიკვეთა ასეთი სურათი:

  • 2413 მშობლის ოჯახიდან 26%-ს საერთოდ არ აქვს კომპიუტერი ან ლეპტოპი და მათ 54%-ს აქვს მხოლოდ ერთი.
  • 25,5%-ს აქვს მხოლოდ ერთი სმარტფონი.
  • 8%-ს საერთოდ არ აქვს სმარტფონი.
  • ოჯახების 80%-ზე მეტს არ აქვს მხოლოდ ბავშვისთვის განკუთვნილი კომპიუტერი.
  • 61,7%-ს - ბავშვისთვის განკუთვნილი ოთახი.
  • 13%-ს არ აქვს ინტერნეტი ოჯახში.

პანდემიის დროს, დახურლი ბაღების გამო, 23 მუნიციპალიტეტში 4 მილიონი ლარი დაიზოგა, რომელიც უკან, ბიუჯეტში დაბრუნდა. ეს თანხა საბავშვო ბაღებს აღარ მოხმარებია.

სხვა ქვეყნებმა რა ქნეს?

პანდემიის პერიოდში თბილისში მშობლების არაერთი აქცია გაიმართა, რომლებიც მთავრობისგან მოითხოვდნენ შესაბამისი წესების დაცვით სკოლების და საბავშვო ბაღების გახსნას და უცხოეთის არაერთი ქვეყნის მაგალითიც მოჰყავდათ, სადაც სწავლა ასე ხელაღებით არ შეწყვეტილა.

ამ გამოკვლევაშიც ვნახავთ, რომ მსოფლიოში, პანდემიის დასაწყისში, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ბევრმა ქვეყანამ დაკეტა ბაღები, თუმცა, ძალიან მალევე, პირველი ტალღის შესუსტებასთან ერთად, მათი ეტაპობრივი გახსნა დაიწყო. და აი, მოკლე სტატისტიკა:

  • დანია – ბაღები და დაწყებითი სკოლები იხსნება 14 აპრილიდან, ბავშვები ესწრებიან ცვლებში.
  • ბელგია – ბაღები და სკოლები იხსნება 18 მაისიდან, შემცირებული (ათბავშვიანი) ჯგუფებით.
  • ავსტრია – ნაწილობრივი გახსნა 1-ელი მაისიდან.
  • ირლანდია – 29 ივნისიდან იხსნება ბაღები, ახალგაზრდული კლუბები და ბანაკები.
  • ესპანეთი – ბაღები იხსნება 26 მაისიდან.
  • პორტუგალია – ადრეული განათლების ცენტრები იხსნება 18 მაისიდან, ბაღები და დაწყებითი კლასები - 1-ელი ივნისიდან.
  • საბერძნეთი – 1-ელი ივნისიდან იხსნება ბაღები, 15 ბავშვი ჯგუფში.
  • პოლონეთი – დაწყებითი კლასები და ბაღები იხსნება 13 მაისიდან.
  • შვედეთი – სკოლები და ბაღები არ დაკეტილა.
  • გერმანია – 23 ივნისისათვის ბაღები სრულად, ხოლო სკოლები ნაწილობრივ იხსნება.
  • ამერიკის შეერთებული შტატები – სხვადასხვა შტატში სხვადასხვა პროცენტულობით ბაღები ნაწილობრივ ღიაა, ძირითადად, პირველადი მომსახურების პერსონალის ოჯახების ბავშვებისათვის.

UNESCO-ს მონაცემებზე დაყრდნობით კი, გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა ქვეყნების მიხედვით 2020 წლის 11 მარტიდან 2021 წლის 2 თებერვლამდე გაცდენილი აკადემიური დღეების ჯამური რაოდენობა.

ამ მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში, საშუალოდ, ბაღები სრულად დაკეტილი იყო 95 აკადემიური დღის განმავლობაში, რაც სასწავლო დღეების ნახევარს შეადგენს - გაცდენილი დღეების ყველაზე დიდი რაოდენობა ლათინურ ამერიკისა და კარიბის რეგიონის ქვეყნებზე მოდის. შემდეგ მოდიან სამხრეთ აზიისა და აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები - 199 ჩამოთვლილი ქვეყნიდან საქართველო ბოლოდან მე-12 ადგილზეა სასწავლო დღეების რაოდენობით.

გრძელია რეკომენდაციების სიაც, რომლის დაუყოვნებლივ შესრულებასაც ურჩევენ გამოკვლევის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას და მის შესაბამის სამსახურებს.

მათ შორის კი უმთავრესი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულებაა. აქ მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციას მოვიყვანთ:

  • ბიუჯეტის გადახედვა, ფინანსების გამოყოფა ადგილობრივ დონეზე, ადრეული განათლების სფეროს მართვის ოპტიმიზაციის მიზნით საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესის დამტკიცება.
  • ჯგუფში ბავშვთა რაოდენობის შემცირება.
  • საბავშვო ბაღებისთვის შექმნილი რეგულაციების გადახედვა.
  • პროცესში ადრეული განათლების სპეციალისტების ჩართვის უზრუნველყოფა.
  • რეგულაციებში ცვლილებები ბავშვის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კუთხით.
  • 2021 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტების მიერ ბაღების კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა.
  • ბაღის პერსონალის გადამზადება.
  • ოჯახების მხარდაჭერა (ორგანიზებული და თანმიმდევრული მხარდაჭერა საკვები პროდუქტის კალათებით).
  • მშობელთა განათლებისთვის ონლაინპლატფორმის შექმნა და ა.შ.

ეს სურათი, რომელიც სრულად ასახავს პანდემიის გავლენას საქართველოში სკოლამდელ განათლებაზე, არის წინაპირობა იმისა, რომ არც ისე შორეულ მომავალში, ბავშვები სერიოზული ფსიქო-სოციალური სწავლის სირთულეებთან დაკავშირებული გამოწვევის წინაშე დადგებიან. ამას გვეუბნება კვლევის (კვლევა მომზადებული „კივიტას გეორგიკას“ მიერ, აღმოსავლეთ[1]დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, USAID-ის დაფინანსებით) ერთ-ერთი ავტორი, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ ბავშვთა უფლებების ექსპერტი, მაია ნასრაშვილი.

მაია ნასრაშვილი
მაია ნასრაშვილი

„აგრესია, ჩაკეტილობა, კომუნიკაციის სირთულეები, ბრაზი, ეს ის პირველადი საფრთხეებია, რომელიც ბაღის ასაკის ბავშვებს ემუქრებათ. (ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ, აქვე შეიძლება იმუნურ ვალზეც საუბარი). პირველი უარყოფითი შედეგები, სასკოლო მზაობის ჯგუფებში გამოვლინდება, რომლებიც პირველ კლასში მოხვდებიან ყოველგვარი მომზადებისა და სათანადო მხარდაჭერის გარეშე“.

მაია აქვე იმუნური ვალის (Immunity debt) მნიშვნელობასაც განგვიმარტავს და ამბობს, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანები პანდემიის დროს თავს არიდებდნენ ერთმანეთს, ამ დროს კი ვეღარ იქმნება იმუნიტეტი ვირუსების მიმართ, რომელიც ნორმალური კონტაქტის დროს ჩნდება.

„ამგვარ იმუნიტეტს, ბავშვები, როგორც წესი, ბაღის ასაკში გამოიმუშავებენ ხოლმე. საქართველოში არსებულმა პოლიტიკამ - კომუნიკაციის სრულმა შეზღუდვამ, ეს საფრთხეებიც თავისთავად ჩვენთანაც მოიტანა“.

მაია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რაზეც თითქმის ყველა ბავშვთა უფლებების დამცველი თუ ფსიქოლოგი ლაპარაკობდა პანდემიის პერიოდში ისევ და ისევ ხელისუფლების გასაგონად, რომ სკოლამდელ განათლებას ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი იმიტომ აქვს, რომ ზუსტად ამ დროს ხდება ბავშვის სოციალიზაცია, უნარების განვითარება, მომზადება სკოლისთვის და რომ ადამიანის ტვინი პირველი ხუთი წლის განმავლობაში უფრო სწრაფად და მნიშვნელოვნად ვითარდება, ვიდრე ცხოვრების ნებისმიერ სხვა მომენტში.

მაია ნასრაშვილი შენიშნავს, რომ ბავშვების მიმართ ამ ქვეყანაში პანდემიამდეც უამრავი გამოწვევა არსებობდა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა სკოლამდელი განათლების ხარისხს, მაგრამ ისინი ამჯერადაც უგულებელყოფილნი აღმოჩნდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

ხელისუფლებამ, ნაცვლად სიტუაციის მართვისა, გამოსავლად თავის არიდება გამონახა და ბაღები სრულიად დახურა“.

მაია ნასრაშვილის შეფასებით, ეს ერთწლიანი (და ჯერ კიდევ უცნობია, რამდენ ხანს იქნება ქვეყანა ამ რეჟიმში), ფაქტობრივად, სრული ჩავარდნის შედეგები, ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბაღის ასაკის ბავშვებზე - საბავშვო ბაღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია თუ ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის შესაძლებლობა, კონფლიქტური სიტუაციების მართვა და დამოუკიდებლობაა, ამის სწავლის შანსი მშობლებთან ერთად მთელი დღე ერთ ოთახში გამოკეტილ ბავშვებს საქართველოში ვეღარ ექნებათ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG