Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მერკელის წებო“, რომელიც ბრიუსელს კრავდა


ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის ყველა სამიტზე, რომელსაც როგორც პრესის წარმომადგენელი ვაშუქებდი - და ასეთი ასობით ჩატარდა, ბლოკის წინაშე წარმოქმნილი სხვადასხვა კრიზისების საპასუხოდ - მინახავს კონტინენტის ყველა კუთხის ლიდერი, რომლებიც ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ - ცოტა ხნით ევროპის ყურადღებით სარგებლობდნენ და შემდეგ უბრუნდებოდნენ საშინაო პოლიტიკის ყოველდღიურობას ან პენსიაში გადიოდნენ. თუმცა, ერთი რამ მუდმივად რჩებოდა - გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პიროვნება.

ახლა ეს შეიცვლება. გერმანია რამდენიმე დღეში არჩევნებს ჩაატარებს და, პირველად 2005 წლის შემდეგ, ბიულეტენში არ იქნება ანგელა მერკელის სახელი. ეს კი ეპოქის დასასრულს წარმოადგენს არა მხოლოდ ბერლინისთვის, არამედ ევროპისათვის და მთლიანად დასავლური სამყაროსთვის.

მის მემკვიდრეობას მომდევნო დღეების და კვირების განმავლობაში არაერთი ადამიანი შეაფასებს. და, როდესაც მთელს ამ ბრიუსელის შეხვედრებს ვიხსენებ, ბევრ რამეს ვხედავ მის შესაქებადაც და გასაკრიტიკებლადაც. მე მას „ევროპის დედოფლის“ გვირგვინს არ დავადგამ და არც „თავისუფალი სამყაროს ლიდერად“ მოვიხსენიებ, მაგრამ ის არც „ფრაუ ნაინ“ გახლავთ, რომელიც ვეტოს ადებდა დიდებულ იდეებს და არც იმ მოწინააღმდეგეების გამოქვეყნებულ კარიკატურებს იმსახურებს, სადაც მას ჰიტლერის ულვაში ჰქონდა მიხატული.

ჩემთვის ის წებო იყო, რომელიც ყველაფერს აკავშირებდა, ევროპულ დონეზე მაინც. და, მართალია, ამაში შეიძლება არაფერი იყოს ბრწყინვალე ან დიდებული, ვშიშობ, რომ ევროკავშირი ამას ძალიან მალე მოისაკლისებს.

ბრიუსელის სამიტების შემდეგ პრესის ოთახებში ყოველთვის ნახავდი რამე საინტერესოს. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ბრწყინვალებით და ექსტრავაგანტური მანერებით გამოირჩეოდა. მისი შემცვლელი, ემანუელ მაკრონი მასშტაბური იდეებს აფრქვევდა. ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი დახვეწილობას ასხივებდა და ევროკავშირს აკრიტიკებდა. უნგრეთის ვიქტორ ორბანი უცხოელ ჟურნალისტებს ერკინებოდა. ლუქსემბურგის ლიდერი ქსავიერ ბეტელი კი რამდენიმე წუთში ოთხ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდა.

თუმცა, ყველაზე ხალხმრავალი შეხვედრები ყოველთვის მერკელს ჰქონდა. არა იმიტომ, რომ ის ამას მაინცდამაინც იმსახურებდა. ის ყოველთვის გულმოდგინე, მშვიდი და გაწონასწორებული იყო. მასთან შეხვედრა არ იყო მოულოდნელი განცხადებების, ისტერიკის ან ბრალდებების ადგილი, თუმცა დროდადრო საკუთარ თავზე სასაცილოდ ხუმრობდა ხოლმე. მაინც, ყველამ იცოდა, რომ მთავარი პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა.

შთამაგონებელი ლიდერი ნამდვილად არ ყოფილა - უფრო ძალიან კომპეტენტური კრიზის-მენეჯერი იყო, რომელიც უპირატესობას თანდათანობით ცვლილებას ანიჭებდა, ან გადაწყვეტილებას ხვალისთვის დებდა. ახალი გერმანული სლენგიც კი გაჩნდა - "Merkeln" - რაც ყოყმანს, ან არაფრის კეთებას ნიშნავს.

მერკელი სწორედ ასე მოიქცა, როდესაც ევროზონის კრიზისი გაჩნდა. ამჯობინა გერმანელი გადასახადის გადამხდელებისა და ბანკების ინტერესები დაეცვა და სამხრეთის ქვეყნებში მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას და სტრუქტურულ რეფორმებს დაუჭირა მხარი. ამან კავშირი კინაღამ დაშალა, ევროპელი ახალგაზრდების მთელ თაობას აუცრუა გული ეკონომიკურ მომავალზე და შექმნა ევროსკეპტიციზმი იქ, სადაც ის მანამდე მაინცდამაინც არ არსებობდა. თუმცა, ევროზონა არ დაშლილა და არც წევრი დაუკარგავს. ყოველ შემთხვევაში, შემდეგ კრიზისამდე მაინც, რადგან ფისკალური ან საბანკო კავშირი წესიერად არ შექმნილა.

მეორე მხრივ, მიგრაციის კრიზისის დროს მან ექსტრაორდინარულად სწრაფი და გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და კარი გაუღო მილიონობით ადამიანს, რომელიც სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან გარბოდა. თუმცა, კეთილგანწყობამ დიდხანს არ გასტანა, გერმანიაშიც კი, რომელიც წარსულის ცოდვებს ინანიებს. შენგენის უპასპორტო ზონა თითქმის აღარ მუშაობს, კონტინენტზე კვლავ გაჩნდა კედლები და ბარიერები და არ შექმნილა თავშესაფრის ერთიანი ევროპული სისტემა. ამის ნაცვლად ევროკავშირი დამოკიდებულია საეჭვო მორალურობის შეთანხმებებზე ავტორიტარულ რეჟიმებთან, რათა მიგრანტები შეაკავოს. 2015 წლის მიგრაციის ტალღის შემდეგ ბუნდესტაგში ომის შემდეგ პირველად მოხვდა პოპულისტური მემარჯვენე პარტია. ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში კი მათ ძალაუფლება მოიპოვეს, ან ახლოს არიან მასთან.

მერკელი შეიძლება დავადანაშაულოთ, რომ ბევრი არაფერი გაუკეთებია უნგრეთისა და პოლონეთის არალიბერალურ ტენდენციებთან დასაპირისპირებლად. რომ ჩინეთთან მეტისმეტად რბილ პოლიტიკას აწარმოებდა და დააჩქარა ინვესტიციის ხელშეკრულება, რომელსაც ვაშინგტონი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ. რომ დაუშვა ნორდსტრიმის ნავთობსადენის განვითარება კრემლის დანაშაულების მიუხედავად. ეს ყველაფერი კი გერმანული ბიზნეს-ინტერესებით აიხსნება.

გერმანიაში მან მიიღო მემარცხენე-ცენტრისტების შემოთავაზებები პენსიებისა და მინიმალური ხელფასის გაზრდასთან და ატომური ენერგიის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა, სერიოზული ეკონომიკურ რეფორმები არ დაუწყია. ის მემკვიდრეს უტოვებს არაერთ პრობლემას - ჯარი არასაკმარისადაა დაფინანსებული და გამოყენებული, ციფრული რევოლუცია მაინცდამაინც არ მომხდარა და ქვეყანას კვლავინდებურად მეტისმეტად რთული საგადასახადო და სოციალური დახმარების სისტემა აქვს.

და მაინც, ის ალბათ მოენატრებათ. მერკელმა დიდწილად გადაჭრა ჰენრი კისინჯერის დაკვირვება, რომ გერმანია „მეტისმეტად დიდია ევროპისთვის, მაგრამ მეტისმეტად მცირე მსოფლიოსთვის.“ მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ბერლინის ინტერესების წინ წასაწევად ევროკავშირს და ნატოს ერთად უნდა ემოქმედა. ამავე დროს, მისი ქვეყანა მეტისმეტად დაჟინებული ვერ იქნებოდა, რადგან ეს სხვა ევროპულ ქვეყნებს დააფრთხობდა. ამიტომაც, ის მუდამ ერთობაზე მუშაობდა, მაშინაც კი, როდესაც ეს დიდი იდეების, განცხადებების და ქმედებების უარყოფას ნიშნავდა. წებო მუშაობდა - ბრიუსელშიც და ბერლინშიც. მაგრამ მის შესანარჩუნებლად იმავე დონის პოლიტიკური ალღოს მქონე პიროვნება იქნება საჭირო.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG