საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ისმინება და, შესაბამისად, არ არის დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების - ფსიქოლოგიური კონსულტირების, ფსიქოთერაპიის და ფსიქიატრიული დახმარების უსაფრთხოება. პროფესიული ასოცოციაციები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი პრაქტიკა დიდ ზიანს აყენებს როგორც ამ ტიპის სერვისებში ჩართულ პირებს, ასევე ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საქმეს, რადგან შეუძლებელს ხდის ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების საბაზისო ეთიკური წესების დაცვას. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ფარული მოსმენები ხელს უწყობს მთლიანად ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სპეციალისტების დისკრედიტაციას და კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმას.
„აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 157 მუხლით განსაზღვრულ კანონს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის შესახებ“, - აღნიშნავენ ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, მოახდინოს სათანადო რეაგირება და დროულად დაიწყოს გამოძიება უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკის საქართველოში დანერგვის მიზეზების შესახებ. ასოციაციის მოთხოვნა შეეხება ასევე ფარული ჩანაწერების განადგურებას:
„[მოგიწოდებთ] გაანადგუროთ არსებული ინფორმაცია და ჩანაწერი, რომელიც მოპოვებულია უკანონო ფარული მიყურადების შედეგად, რათა დაცული იქნას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში ჩართული პირების უფლებები“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ამ ეტაპზე ხელს 7 ორგანიზაცია აწერს.
ხელმომწერი ასოციაციები და ორგანიზაციები:
- GSP საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
- საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება
- GABP საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია
- საქართველოს იმდიარ საზოგადოება
- სუპერვიზიის და კონსულტირების საქართველოს საზოგადოება
- GIP გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
- GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
ხელმომწერი ორგანიზაციების სია, განცხადების თანახმად, განახლებადია.
12 სექტემებრს გვიან ღამით, სავარაუდოდ სუს-ის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესახებ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული - „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“. მასში განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო- და აუდიოფაილი სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების კომუნიკაციის შესახებ.