Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიაში „საქართველოსთვის“ არ გამორიცხავენ ჩანაწერების საქმეზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილის დაკავებას


პარტია "საქართველოსთვის" წევრები
პარტია "საქართველოსთვის" წევრები

პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, პარტიის წევრი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ.

„როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი და პრიორიტეტი არის ძალაუფლების შენარჩუნება. შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს. მაშინ, როდესაც, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ბატონი ბართაია, ჩვენი მხარდამჭერი, ციხეშია, არაფერი არაა გამორიცხული“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე, რომელზეც პარტიის სახელით მოითხოვა გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის ჩართვა და ასევე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრების დაკავებას არ გამორიცხავს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმა გიორგი ხოჯევანიშვილიც. ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში იგი უსაფუძვლოს უწოდებს პრემიერის ბრალდებას სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერების გამოტანასთან ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შესაძლო კავშირის შესახებ და ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება შიშზეა დაფუძნებული და ყველა იხილავს, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები.

„რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, ჩვენ ასეთი ბრალდებები აქამდეც მოვისმინეთ, სამწუხაროდ, ამის მერეც შეიძლება მოვისმინოთ, მაგრამ, ზოგადად, უღირს ადამიანებს ხშირად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება“, - ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი. მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მიზანს ემსახურებოდა ჩანაწერების გამოტანა და რამდენად ავთენტიკურია იგი.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. იგი ამ დროისათვის პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მრჩეველია ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებისა და დეოკუპაციის საკითხებში.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელების ფაქტის გამოძიების საკითხზე საუბრისას დღეს, 15 სექტემბერს განაცხადა, რომ გამოძიება ყველა ვერსიას დაამუშავებს და მათ შორის იმას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული ყოფილიყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა და მოსმენების სამსახურთანაც ჰქონდა წვდომა. ჩანაწერების საქმესთან გიორგი გახარიასა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შესაძლო კავშირებზე ამ დღეებში „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმაც მიანიშნეს.

XS
SM
MD
LG