Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი გაიზარდა და შეადგინა 1328 ლარი 


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით);
  • მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით).

საქსტატის თანახმად, 2021 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 483 ლარით ჩამორჩებოდა კაცების ხელფასს და 1 077.8 ლარს შეადგენდა. 1 560.0 ლარით განისაზღვრა კაცების საშუალო ხელფასი. საქსტატის კვლევით ირკვევა, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. რაც შეეხება მატებას, საქსტატის მონაცემებით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.6 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 207.6 ლარი.

საქსტატის ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ 2021 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 214.0 ლარით გაიზარდა და 1 389.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 209.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12.0 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 177.4 ლარი, გაიზარდა 6.5 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

საშუალო ხელფასის გაანგარიშება თვითდასაქმებულებს არ შეეხებათ. საშუალო ხელფასის კვარტალური სტატისტიკის საფუძველია 15 000 საწარმოდან მიღებული ხელფასების შესახებ ცნობებზე დამყარებული კვლევა.

XS
SM
MD
LG