რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ დაასრულა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა. გაზსადენი, რომლის საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრი აირია წელიწადში, საწვავს მიაწვდის რუსეთიდან ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით პირდაპირ გერმანიას, უკრაინის გვერდით ავლით.
მილსადენის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს აშშ-ს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ბევრი თვლის, რომ მილსადენის გამო ევროპა შეიძლება რუსეთზე გახდეს დამოკიდებული ენერგეტიკის სფეროში, რაც ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს და, ამავე დროს, ის შეიძლება მოსკოვმა გამოიყენოს კიევზე ზეწოლის საშუალებად. რუსეთი ამგვარ მიდგომას უარყოფს.
„გაზპრომის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა მილსადენის მშენებლობის დასრულების თაობაზე მას მერე, რაც ამის შესახებ განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა.
მილების ჩაწყობის და საბოლოო შეერთების სამუშაოები დასრულდა 6 სექტემბერს. ცნობით, გაზის გადაქაჩვა მილსადენით შეიძლება 1 ოქტომბერს დაიწყოს.
ამჟამად რუსეთის გაზი დასავლეთ ევროპაში გადაიქაჩება უკრაინის გავლით.
ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით, „გაზპრომს“ შეუძლია თავისი მილსადენის სიმძლავრის მხოლოდ ნახევრის გამოყენება. მეორე ნახევარი მან ალტერნატიულ მომწოდებლებს უნდა დაუთმოს. ამ წესის გვერდის ავლისთვის საჭირო იქნებოდა შტოების გაყვანის ვადებში დასრულება. მეორე ნახევარზე პრეტენზიას აცხადებს რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსნეფტი“.