თბილისის მერობის კანდიდატებს შორის შეხვედრის შესახებ ილაპარაკა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებამდე, გიორგი გახარია შეხვდა კონკურენტს მმართველი პარტიიდან, კახა კალაძეს.
„იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ მემგონი კეზერაშვილში ვეშლებით“, - აღნშინა კობახიძემ და განაგრძო - „ამის შემგომ მისწერა არაერთგზის. გახარია ურეკავდა კახი კალაძეს გუშინდელი დღის განმავლობაში და წერდა თუ დაუკავშირდა, რომ სადაც უნდა იქ შეხვდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და დღეს შედგა ასეთი შეხვედრა გახარიასა და კახა კალაძეს შორის. ერთადერთი თემა საუბრის იყო ის, რომ გახარია აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და არ უნდოდა, რომ კახა კალაძეს ეს ტელევიზიით გაეგო, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს არ იყო საინტერესო და ყველა შემთხვევაში მოიგებდა არჩევნებს პირველ ტურში“.
კახა კალაძემ დაადასტურა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა.
გახარიასა და კალაძეს შორის შეხვედრა ასევე დაადასტურა პარტიის „საქართველოსთვის" წევრმა ლევან დოლიძემ.
თავად გიორგი გახარიამ კი ირაკლი კობახიძის განცხადებას შუამავლის მეშვეობით ფინანსურ საკითხზე კომუნიკაციის შესახებ, ასე უპასუხა: „საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ბოსი დღეს რას ლაპარაკობს. იმიტომ, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს. მათ შეუძლიათ ხვალ გამოვიდნენ და სრულიად საპირისპირო თქვან. ეს ადამიანები, დაახლოებით ერთი წლის წინ ქება-დიდებას და ხოტბას მასხამდნენ, მაშინაც მათი ქების ფასი იყო ნული. დღესაც მათი ლანძღვის ფასი არის ნული. მე ნერვი არ გამიტოკდება“.
გიორგი გახარიამ დღეს, 1 სექტემბერს, თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.