მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ე.წ დელტა შტამის გავრცელების შედეგად აცრილებიც დაინფიცირდნენ, ერთი ან ორივე დოზით ვაქცინირებულებს შორის გაჩნდა კითხვები: კვლავ ვითვლები თუ არა ვაქცინირებულად კოვიდის გადატანის შემდეგ? რამდენ ხანში შემიძლია ავიცრა მეორე დოზით? შესაძლებელია თუ არა ვაქცინის პირველი და მეორე დოზა იყოს სხვადასხვა წარმოების? და ა.შ
მსგავსი კითხვები აქვს კოვიდგადატანილ ნინო ნიჟარაძესაც. მკურნალმა ექიმმა უთხრა, რომ მას შემდეგ რაც კოვიდი გადაიტანა პირველ აცრას აზრი ეკარგება და ხელახლა, ორჯერ, უნდა აიცრას.
„პირველი აცრიდან მეორე დღეს გავიგე, რომ ინფიცირებული ვიყავი, თავიდან ვაქცინის გვერდითი ეფექტი მეგონა, თუმცა შემდეგ ტესტმაც დაადასტურა და სიმპტომებიც წამოვიდა რთული ფორმით, დამრჩა თრობმოზული გართულება. პირველი აცრა ასტრაზენეკა იყო, რადგანაც ექიმმა მითხრა, რომ გაუქმებულად ითვლება ჩემი პირველი დოზა, გადავწყვიტე ახლა ფაიზერით ავიცრა, რადგან ორჯერ ასტრაზენეკათი აცრა ჩემი თრომბის ფონზე აღარ მინდა. ერთხელ რომ მიწევდეს კიდე შეიძლება, მაგრამ საიტმა უარი მითხრა და ვერ ვხვდები რა ხდება, თუკი გაუქმებულია ის აცრა, რატომ არ მაქვს არჩევის უფლება?“
აღმოჩნდა, რომ ნინოს მკურნალი ექიმი ცდება, რადგან პირველი დოზა გაუქმებულად არ ითვლება და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინების „შერევა“ შესაძლებელია, დღეს არსებული რეგულაციით, ნინოს არც სხვა ვაქცინის გაკეთება შეუძლია, თუ პირველ დოზას განსაკუთრებული გართულება არ გამოუწვევია:
„ ასეთ შემთხვევაში, ერთი დოზით ვაქცინირებულად ითვლება და აცრა შეუძლია დაინფიცირებიდან 30 დღის შემდეგ, იგივე ვაქცინით.
თუ პირველი აცრის შემდეგ ჰქონდა ძლიერი ალერგიული რეაქცია, ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიცვალოს ვაქცინა. საჭიროა ექიმის დასკვნა და სამინისტროსთვის მიმართვა შესაბამისი რეკომენდაციით. თუკი მიზანშეწონილად ჩაითვალა და გადაწყდა, პორტალზე აისახება.“ - ეუბნება ამირან გამყრელიძე რადიო თავისუფლებას
კითხვები ანა ტურაშვილსაც აქვს. მან კორონავირუსი ივლისში გადაიტანა, ინფიცირების ამბავი მაშინ გაიგო, როცა სხვა 210 000 -მდე მოქალაქის მსგავსად მეორე დოზას ელოდებოდა.
„8 ივლისს დამიდასტურდა კოვიდი, იზოლაცია 20 ივლისს დავასრულე და 20 აგვისტომდე რეგისტარციის უფლება არც მქონდა, ამ დრომდე არ დავრეგისტრირებულვარ, მაინტერესებს შემიძლია თუ არა ფაიზერი გავიკეთო ახლა, როცა პირველი დოზა სინოვაკი იყო?“
ფაიზერზე დარეგისტრირება რადიო თავისუფლებასთან საუბრის მომენტშივე სცადა, მაგრამ ნინოს მსგავსად უარყოფითი პასუხი მიიღო, რადგან ერთხელ ვაქცინირებულ ადამიანს, განურჩევლად იმისა, კორონავირუსი გადაიტანა თუ არა, მეორე დოზად მხოლოდ იმავე ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ, რითაც თავდაპირველად აიცრნენ.
„გარდა ამისა, ჩემი ძმაც დავაინფიცირე ივნისში და მას წინა დღეს ჰქონდა სინოვაკის მეორე დოზა გაკეთებული. ასეთ შემთხვევაში ეთვლება ეს აცრა თუ საჭიროა დამატებითი დოზა?“- კითხულობს ანა
ხშირად ექიმები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ იმუნიტეტის სრულად გამოსამუშავებლად, ორგანიზმს აცრიდან, სულ მცირე, 2 კვირა სჭირდება სრული დაცვისთვის, თუმცა, თუკი აცრიდან მალევე ინფიცირდა ადამიანი, ექიმების თქმით ისინი მაინც ითვლებიან აცრილებად.
ბიძინა კულუმბეგოვი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ესეთ შემთხვევაში ვაქცინა არ “იკარგება”:
„ რა თქმა უნდა ითვლება ესეც აცრად და ყველაზე ძლიერი იმუნიტეტი ასეთ ადამიანებს აქვთ.“
ამ დროისთვის საქართველოში 700 000 ზე მეტი მოქალაქე 1 დოზით არის უკვე აცრილი, 400 000 - მე ადამიანი კი სრულად ვაქცინირებულია. მაღალია ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი და იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც აუცრელი იყო.