საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, მთავრობა არჩევნების გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილ ნაბიჯებს დგამდა. ამის დასტურად ორგანიზაციამ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.
ანგარიშში მოხვდა სესხების სუბსიდირების პროექტი. საქართველოს მთავრობამ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 2 აგვისტოს გამოსცა დადგენილება, რომელიც შვილის ყოლის შემთხვევაში ოჯახებს იპოთეკურ სესხს უსუბსიდირებდა. დადგენილება 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.
"ამ ინიციატივის დამტკიცების დრო წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების წინა დღეა, შემთხვევითი არ არის. ამით ხელისუფლებამ თავი აარიდა რეგულაციას, რომელიც უკვე მომდევნო დღიდან ამ ინიციატივის იმპლემენტაციის შესაძლებლობას არ მისცემდა და მას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნევდა. ეს ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციაა. საია მიიჩნევს, რომ მოქალაქეების მძიმე სოციალური პირობების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის მიუღებელია და ეწინააღმდეგება თანასწორი და კონკურენტული წინასაარჩევნო კამპანიის პრინციპებს", - ვკითხულობთ კვლევაში.
აქვე აღნიშნულია, რომ რამდენიმე სახელისუფლებო ოფიციალურ Facebook-გვერდზე საია-მ აღრიცხა მმართველი პარტიის მხარდამჭერი პოსტები. მაგალითად, 20 ივლისს სოციალურ მედიაში გამოჩნდა პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენის ცერემონიის ვიდეოჩანაწერი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გადაიცემოდა პირდაპირი ჩართვის რეჟიმში და დაფინანსებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ.
"მართალია, ეს ქმედებები საარჩევნო კოდექსს არ ეწინააღმდეგება, რადგან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა ჯერ არ მოქმედებდა, 24 თუმცა საია პარტიის მხარდასაჭერად საჯარო რესურსის გამოყენებას ცუდ პრაქტიკად მიიჩნევს. ამგვარი ქმედება უმრავლესობას გაუმართლებელ უპირატესობას ანიჭებს, ხოლო სხვა პარტიებს არსებითად უთანასწორო პირობებს უქმნის. იმავდროულად, იგი ეწინააღმდეგება პარტიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის მოთხოვნას. საიას რეკომენდაციით, საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სამთავრობო რესურსების გამოყენება ნებისმიერ პერიოდში უნდა იკრძალებოდეს", - აღნიშნულია ანგარიშში.
ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციიდან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.