Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპისკოპოსი საბა: არ გავხდეთ ფანატიკოსი მღვდლების პროპაგანდის ნაწილი


ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)
ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) ვიდეომამართვაში ლაპარაკობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ. ის აკრიტიკებს სასულიერო პირთა იმ ნაწილს, რომლებიც ვაქცინაციიას ეწინააღმდეგებიან. ეპისკოპოსის შეფასებით, აცრის გაკეთება არა რელიგიური, არამედ მედიკოსების საკითხია.

„თავიდანვე ითქვა, რომ ეს ვირუსი არის იმისთვის შექმნილი, რომ ჩვენ წაგვართვან... ზოგიერთები ამბობენ, მე არ ვამბობ, რომ ეს არის ეკლესიის პოზიცია, თუმცა არიან გარკვეული სასულიერო პირები, რომლებიც თავიანთი სიტყვით ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე და ძალიან ბევრი ადამიანის გონება მოიწამლა მათი არასწორი შეფასებით. ითქვა, რომ სულიერებას გვართმევენ, მე მინდა დავსვა შეკითხვა, ვირუსი, რომელიც ხორციელად კლავს ადამიანს, როგორ შეიძლება მან სულიერება წაართვას. ვირუსი კლავს ჩვენს ფიზიკურ სხეულს და არ კლავს სულს, ამიტომ, მას სულიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის სამედიცინო საკითხი. ვირუსი არის ფიზიკური დაავადება (კერძოდ, კორონავირუსსა და სხვა ვირუსებზე მაქვს საუბარი) და არა სულიერი დაავადება. პირველ რიგში შევთანხმდეთ ამ თემაზე - არ უნდა განვიხილოთ, როგორც საღვთისმეტყველო საკითხი, არამედ ეს არის სამედიცინო საკითხი", - აცხადებს საბა.

ეპარქიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ვირუსის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უნდა მოგვაწოდონ მედიკოსებმა და მათ შორის, ვაქცინის თემაზე მედიკოსები უნდა საუბრობდნენ და არა სასულიერო პირები.

„სამწუხაროდ, არის სასულიერო პირთა ნაწილი, ვინც ვაქცინის დემონიზებას ახდენს. შეიძლება ადამიანები მოკვდნენ იმის გამო, რომ დაუჯერონ მათ სიტყვას", - აღნიშნა მან.

როგორც ეპისკოპოსი ამბობს, ორი წლის წინ „გამოცხადებული ომის" წინა ხაზზე დგანან ექიმები. „ჩვენ, სასულიერო პირები ვართ სულისმიერი ექიმები, მაგრამ სამყაროში ღვთის დიდი წყალობით ჩვენ გვყავს ხორცისმიერი ექიმები. ამიტომ, როდესაც ჩვენ ხორცისმიერი დაავადება გვაქვს, ვეკითხებით იმ ექიმებს, რომლებსაც განათლება აქვთ ამ სფეროში და ჩვენ უნდა გვიმკურნალონ. არ ვეკითხებით სასულიერო პირებს", - თქვა მან და განაგრძო - „მე მეკითხებიან, ავიცრა თუ არა? რომელი ვაქცინა არის უკეთესი? თავიდანვე ვეუბნები ამ ადამიანებს, უკვე შენ, როდესაც სასულიერო პირს მისვამ ამ შეკითხვას, შენ უკვე მცდარ გზაზე ხარ. მე რატომ მეკითხები იმ საკითხის შესახებ, რაც მე არ მეხება?! აცრა არ არის რელიგიური საკითხი, არამედ მედიკოსების საკითხია".

ეპისკოპოსი საბა საზოგადოებას მიმართავს, რომ ვაქცინაციის საკითხზე ექიმების რჩევები გაითვალისწინონ.

„თუ დღეს მედიცინის მუშაკები მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ერთ-ერთი საშუალება არის აცრა, მაშინ, უნდა ვუსმინოთ მათ სიტყვას თუ გვინდა რომ გადავარჩინოთ ჩვენი ხორციელი სიცოცხლე და არ გავხდეთ იმ ფანატიკოსი მღვდლების პროპაგანდის ნაწილი, რომლებიც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ არ აიცრან. თუკი მათ დაუჯერებენ, შეიძლება მათი სიცოცხლე სიკვდილით დამთავრდეს", - აცხადებს სასულიერო პირი.

10 აგვისტოს საპატრიარქომ უარყო ილია მეორის აცრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 59 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

20 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ გაკეთებულია 907 665 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 266 962.

XS
SM
MD
LG