Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვადოდ ჩამორთმეული ნივთმტკიცებულებები - რის შეცვლას ითხოვს სახალხო დამცველი?


სახალხო დამცველის აპარატს წლებია მიმართავენ ადამიანები და მისგან ითხოვენ, უშუამდგომლოს მათ საგამოძიებო ორგანოებთან, რათა დაიბრუნონ თვეების და წლების წინ ჩამორთმეული ნივთიერი მტკიცებულებები. ეს არის მანქანები, კომპიუტერული ტექნიკა, ტელეფონები და სხვა ნივთები, რომლებიც გამოძიების დაწყების პირველ დღეებში ამოიღეს, უკან დაბრუნების ვადა კი უსასრულოდ გაიწელა. სახალხო დამცველმა ამ პრობლემის გადაჭრა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით და კონკრეტული საკანონმდებლო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სცადა.

წარმოიდგინეთ, რომ მოხდა დანაშაული, რომელთანაც თქვენ, შესაძლოა, პირდაპირი კავშირი არ გქონდეთ, მაგრამ პოლიციამ წაიყვანოს თქვენი მანქანა, რადგან გამოძიებისთვის ის ნივთიერი მტკიცებულებაა. რა ხდება შემდეგ? შეიძლება გავიდეს წლები და თქვენი პირადი საკუთრება არ დაგიბრუნონ მანამ, სანამ გამოძიება არ დასრულდება.

თუ პასუხს მოითხოვთ, გიპასუხებენ, რომ „მიმდინარეობს გამოძიება“. ხოლო ნივთის დაბრუნების ვადად, როგორც წესი, „გონივრული ვადა“ არის მითითებული, რაც ზუსტად არავინ იცის, რა დროს მოიცავს.

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს ერთ-ერთი ქალის ამბავს, რომლის პირადი ავტომობილიც უკვე ორი წელია საჯარიმო სადგომზე დგას, თუმცა, მისი განცხადებით, ბოლო ერთი წელია, „არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ მიმდინარეობს“, ამიტომ ის თავისი ნივთის დაბრუნებას ითხოვს.

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე
სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე

შარშან, სახალხო დამცველის ჩარევით, საგამოძიებო ორგანოებმა ერთ მოქალაქეს უკვე დაუბრუნეს ავტომობილი, მაგრამ მისი, როგორც ნივთმტკიცებულების, ამოღებიდან ათი წელი იყო გასული. მანქანა კი მეპატრონეს სრულად გაძარცვული დაუბრუნდა.

გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ცხადია, დანაშაულის შემთხვევაში, ავტომობილი (ან სხვა ნივთი) შესაძლოა იყოს ნივთმტკიცება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს დროის ლიმიტი საგამოძიებო პროცესში, თუ როდის დაუბრუნებენ ნივთს მის მესაკუთრეს:

„როცა ბრალდებული ხარ ადამიანი და ამ დროს შენს მანქანას იღებენ ნივთმტკიცებად, ეს კიდევ ცალკე კატეგორიაა, ჩვენ ვლაპარაკობთ პირებზე, ვისაც არანაირი კავშირი დანაშაულთან არა აქვთ და არ არიან ბრალდებულები“.

რა შეცვლიდა ვითარებას და რას ითხოვდა ომბუდსმენი?

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის მესაკუთრეს ან მფლობელს სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე უბრუნდება ან შესაძლოა, დაუბრუნდეს შემდეგი ნივთიერი მტკიცებულებები:

  • მალფუჭებადი საგნები,
  • ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელი საგნები,
  • შინაური ცხოველები და ფრინველები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.

ამავე ნაწილის მეორე წინადადება კი ადგენს, რომ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.

სახალხო დამცველი იშველიებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ამავე უფლების შეზღუდვის საფუძვლებს და ამბობს, რომ არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილებას ანიჭებს, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე, მესაკუთრეს/მფლობელს არ დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალება (თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული) იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის სატრანსპორტო საშუალების სისხლის სამართლის საქმესთან ერთად შენახვის საჭიროება არ არსებობს.

სახალხო დამცველი სარჩელში წერს, რომ სატრანსპორტო საშუალება პირის ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ნივთთა კატეგორიას განეკუთვნება. შესაძლებელია, იგი წარმოადგენდეს პირის შემოსავლის ერთადერთ წყაროს. ამასთან, მას წლების გასვლასთან ერთად, უმცირდება ღირებულება. შესაბამისად, მომეტებულია პირის ინტერესი, რომ მას ასეთი ნივთი დროულად დაუბრუნდეს“.

ეს სადავო ნორმა, მოსარჩელის აზრით, საგამოძიებო ორგანოს ანიჭებს ფართო დისკრეციას იმისას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პირს უარი უთხრას სატრანსპორტო საშუალების დაბრუნებაზე. ის საერთოდ არ შეიცავს მითითებას, თუ რა შემთხვევაში და რა საფუძვლით შეიძლება არ გადასცეს საგამოძიებო ორგანომ პირს სატრანსპორტო საშუალება. და ასევე, არ არსებობს საგამოძიებო ორგანოს ვალდებულება, რომ მან გადაწყვეტილება გამოძიებისა და პირის ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს.

ისეთ შემთხვევაში, როდესაც ამოღებულ ნივთზე უკვე ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა და არსებობს საექსპერტო დასკვნა, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს კონკრეტულ გარემოებებს, აღარ არსებობს მისი საგამოძიებო ორგანოში შენახვის საჭიროება და იგი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს“, - წერს სახალხო დამცველი და მოითხოვს, ეს ნორმა ცნოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

ვინ რის დაბრუნებას ელის?

ადვოკატები გვეუბნებიან, რომ ნივთმტკიცებად ამოღებულ ნივთებს შორის შესაძლოა იყოს ტელეფონიც, კომპიუტერიც, მანქანაც, საშენი მასალაც და სხვა ბევრი რამ.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელიც ძმები ბურჭულაძეების და შპს „ემ ეს ჯგუფის“ გახმაურებული საქმის ადვოკატი იყო, იხსენებს, რომ პაატა ბურჭულაძის შვილების, შუქრისა და ალექსანდრესათვის გამოძიებას დღემდე არ დაუბრუნებია მათი ფირმიდან წაღებული კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.

„ფაქტობრივად, მთელი კომპიუტერული სისტემა, რომელზეც იყო აწყობილი მათი ბიზნესი. 2018 წლიდან ვითხოვთ მობილური ტელეფონების დაბრუნებას, ხოლო 2020 წლიდან - კომპიუტერების“, - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

მიხეილ რამიშვილი ასევე იხსენებს კომპნია „ზეგ“-ის შემთხვევას, თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეზე, როდესაც ამ კომპანიიდან ამოიღეს ძალიან დიდი რაოდენობით ტექნიკა, თუმცა გამოძიების დასრულების შემდეგ, 2020 წლის დეკემბერში „ზეგ“-ს კომპიუტერები დაუბრუნეს.

ბურჭულაძეების შემთხვევაში ბოლო პასუხი ადვოკატმა შარშან მიიღო, სადაც ეწერა, რომ „მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზა და რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამოწურვის შემდგომ გადაწყდებოდა ამოღებული ნივთების საკითხი“.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ცხადია, ყველა ნივთს, როგორც ნივთიერ მტკიცებულებას, აქვს თავისი დატვირთვა, მაგრამ თუ ექსპერტიზა ჩატარებულია, მიღებულია გამოძიებისათვის საჭირო ინფორმაცია, ამ ნივთის უსასრულოდ დატოვება საგამოძიებო ორგანოების მიერ, გაუგებარია და ხშირად ამან კერძო მესაკუთრეებს შეიძლება ძალიან დიდი ზარალიც მიაყენოს.

„მნიშვნელოვანია, იცოდე მიახლოებითი დრო - როდის დაგიბრუნებენ. რას მოიცავს „გონივრული ვადა“ ეს არავინ იცის“.

ადვოკატ გიორგი გელხაურის პრაქტიკაშიც არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ჩამოერთვათ ავტომობილებიც, ძვირფასეულობაც და მათ უძრავი ქონებასაც დაედო ყადაღა. ამბობს, რომ ერთ-ერთ ასეთ ქონებას 2013 წლის შემდეგ ადევს ყადაღა და გამოძიება ჯერაც არ არის დასრულებული.

ადვოკატი გიორგი გელხაური
ადვოკატი გიორგი გელხაური

„ხშირად ნივთიერი მტკიცებულების შენახვის ვადა გაწერილი არ არის. ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ამ პასუხით უნდა დაკმაყოფილდე. ხშირ შემთხვევაში, ამ ნივთიერი მტკიცებულების შენახვას გამოძიება ბოროტად იყენებს, რადგან გამოძიება ხანდახან გრძელდება უსასრულოდ, საქმე კი თაროზეა შემოდებული“.

„გააჩნია, რა ნივთზე ვლაპარკობთ და გააჩნია კონტექსტს - ამიტომ ყველა საქმეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება“, - მიიჩნევს გიორგი გელხაურის კოლეგა, ადვოკატი ვასილ მამულაშვილიც.

ისიც იხსენებს, როგორ დაიბრუნა ერთ-ერთმა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა ფაქტობრივად „დამპალი“ მანქანა წლების შემდეგ.

„მე მქონდა მაგალითი, როცა არანაირი ფასეულობა ამ ნივთიერ მტკიცებულებას არ ჰქონდა, მაგრამ ნივთი საქმეში იდო. ვიცავდით ბრალდებულს, დადგა გამამართლებელი განაჩენიც, თუმცა სანამ სამი ინსტანცია არ გავიარეთ, მანქანა ლამის დაალპეს. არ დააბრუნეს. ასეთი შემთხვევებიც არის, თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველა საქმე უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად. პრობლემა რეალურად არსებობს, თუმცა, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, შეუძლიათ ნივთიერი მტკიცებულებები შეინახონ გამოძიების განმავლობაში. ამიტომ უნდა გავმიჯნოთ, რა სახის ნივთზე ვლაპარაკობთ“.

ადვოკატი ვასილ მამულაშვილი
ადვოკატი ვასილ მამულაშვილი

ვასილ მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ისეთი ნივთი, როგორიც, მაგალითად, კომპიუტერია, შესაძლებელია დაუბრუნდეს მესაკუთრეს, თუ ის არ არის დანაშაულის ობიექტი, არ მოუპარავთ და მხოლოდ მასში არსებული ინფორმაციაა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი - ამ ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, ნივთის უსასრულოდ დატოვების საფუძველი აღარ არსებობს.

„ხშირად ასეც ხდება, რომ დასაბუთებული შუამდგომლობით მივმართავთ ხოლმე, ვამბობთ, რომ იზღუდება საკუთრების და მფლობელობის უფლება და ვითხოვთ ნივთის დაბრუნებას. თუ უარია, ზემდგომ პროკურორთან ვასაჩივრებთ და ვაბრუნებთ ხოლმე ასეთ ნივთებს. მქონია ასეთი შემთხვევაც - ნივთმტკიცებად ამოიღეს 50 000 ლარის „არმატურა“ და დღემდე გამოძიებაშია. ავდექით და ამ 50 000-ის გადახდა დავაკისრეთ პირს, რომელსაც მიბარებული ჰქონდა ის დაკარგვამდე“.

თუმცა ვასილ მამულაშვილი ასევე შენიშნავს, რომ თუ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს. ამიტომ კითხვა ასე უნდა დაისვას - რამდენად ლეგიტიმური ანუ კანონიერია გამომძიებლის გადაწყვეტილება, როცა ის კონკრეტულ ნივთს არ აბრუნებს? „აქ მთავარი არის ის, რომ მე, მესაკუთრეს, კი მაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ, ამავე დროს, გამოძიებამ განზრახ ზიანი არ უნდა მომაყენოს“.

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ეტაპზე სახალხო დამცველის სარჩელი არ მიიღო და თქვა, რომ სადავო ნორმა არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ პირის უფლებას. თუმცა სახალხო დამცველი სარჩელის კორექტირებას და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ხელახლა მიმართავს ისევ გეგმავს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG