საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკური მაჩვენებელი ჯერ არ დამდგარა. მისი თქმით, გამოთვლების მიხედვით, ქვეყანა ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს ელოდება 20 აგვისტოს.
"ჯერჯერობით გვაქვს აღმავალი ტალღა და ეს არ არის დამდგარი პიკი, ვითარება არის საკმაოდ რთული... გარდაცვალების მაჩვენებელი არის ორკვირიანი ინტერვალით დაგვიანებული ინფიცირების რაოდენობასთან მიმართებაში და დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ველოდებით გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდას, ვინაიდან, ეს არის თანმხლები პროცესი ინფექციის გავრცელების...
ინფექციის გავრცელების სიჩქარე არის 1,4%, ესეც ასევე მიუთითებს, რომ ჯერჯერობით, ინფექციის გავრცელება და, შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობის მატება შემდეგ დღეებში გვექნება...
შემდეგ დღეებშიც იქნება გარკვეული ნახტომისებური ზრდა, რომელიც საკმაოდ ნეგატიური მაჩვენებელია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა "რუსთავის 2"-ის ეთერში.
მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს მუშაობა ინფიცირებულთათვის დამატებითი სივრცეების გამოყოფაზე. მას უნდა, რომ ქვეყანამ თავიდან აირიდოს საველე ჰოსპიტლების გაზრდა.
ბოლო სამ დღეში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 150-ს მიუახლოვდა, მათ შორის, ბოლო დღე-ღამეში მათი რიცხვი 48 იყო. სულ ქვეყანაში გარდაცვლილია 6230 ადამიანი.