სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის პანსიონი Facebook-ის პირდაპირ ეთერში ბენეფიციარი ბავშვების ჩვენებისა და მათი მონაცემების გასაჯაროების გამო კანონდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება პანსიონის მაშინდელი მმართველის, მეუფე სპირიდონის პირდაპირ ეთერს, სადაც ის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებს ბავშვების იძულებაში ადანაშაულებდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განმარტავს, რომ ჩანაწერები სრულად იძლეოდა არასრულწლოვნების იდენტიფიცირების საშუალებას, ისმოდა მათი: სახელი, გვარი, ვიზუალური გამოსახულება, ხმა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ინფორმაცია პანსიონატის მზრუნველობის ქვეშ ბავშვის ყოფნისა და არსებული/სასურველი საცხოვრებელი ადგილ(ებ)ის შესახებ, მათი ახლო ნათესავების ვინაობა და ტელეფონის ნომრები.
„პანსიონატის მიერ ბენეფიციარების მონაცემთა ამ ფორმით გასაჯაროება არღვევს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ლახავს მათ ღირსებას და ქმნის არასრულწლოვანთა ჩაგვრის, ე.წ. „ბულინგის“ (მათ შორის კიბერბულინგის), დისკრიმინაციის, ონლაინადევნების, მსხვერპლად გახდომის, მათდამი არასათანადო მოპყრობისა და სხვის მიერ ბავშვების პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გამოყენების რეალურ საფრთხეს...
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მონაცემების (მათი ვინაობის, ვიზუალური გამოსახულების, ხმის, ემოციური მდგომარეობის, პანსიონატის მზრუნველობის ქვეშ ბავშვის ყოფნისა და არსებული/სასურველი საცხოვრებელი ადგილ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, ახლო ნათესავების ვინაობის, ტელეფონის ნომრების) შემცველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროება სახელმწიფო ინსპექტორმა არ მიიჩნია კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პანსიონატის ინტერესი - დაეცვა დაწესებულების რეპუტაცია“, - აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.
მეუფე სპირიდონი იმის საილუსტრაციოდ, რომ პანსიონის ბენეფიციარი ბავშვები და მათი მშობლები იქ დარჩენას ითხოვდნენ, 4 ივნისს ფეისბუკის პირდაპირ ეთერში გავიდა.
უფლებადამცველის ანა არგანაშვილის შეფასებით, „ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან გავრცელებულ ყველა ვიდეოში ხდებოდა ბავშვებზე ძალადობა: ბავშვებს ეკითხებიან, გინდა თუ არა აქედან წასვლა, ბავშვები ტირიან და არიან უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ“.
ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.
გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).