„მერე რა?“ - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას ქეიფი და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევა.
საქართველოში კორონავირუსის რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების პარალელურად, პრემიერი ღარიბაშვილი ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ოჯახის ხალხმრავალ წვეულებაზე, რამაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება და მწვავე რეაქციები გამოიწვია.
7 აგვისტოს გრძელ სუფრებთან შეკრებილ ადამიანებს არც პირბადეები ეკეთათ და არც უსაფრთხოებისთვის დაწესებულ დისტანციას იცავდნენ.
ღარიბაშვილს აკრიტიკებენ იმისთვის, რომ მონაწილეობს ხალხმრავალ თავყრილობაში, როცა თავად ის და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქეიფისგან.