"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" დირექტორისა და მეწილის გავრცელებულ სავარაუდო პირადი ჩანაწერების შინაარსს "ზღაპრებს" უწოდებს. ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე სავარაუდო დანაშაულის შემცველ ფაქტს - უკანონო მიყურადებას.
"ნ.გ-ს ზღაპრებსა და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს. არის რაღაცა ტექსტები, რომელიც მოვისმინეთ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე... როგორც ჩანს, გაახსენდათ საკუთარი წარსული, ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როცა ისინი უსმენდნენ ტოტალურად მთელს საზოგადოებას [...] მშვენიერაძე და გვარამია არიან ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და აქედან გამომდინარე, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, ეს არ ჭრის..." - თქვა კობახიძემ.
"მთავარ არხზე" გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთი ფრაგმენტი “რადიო თავისუფლების” გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის საუბარს აღწერს. რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი, 2020 წლის ზაფხულში, მართლაც ჰქონდა ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელთან. საუბარი დაუცველ ხაზზე, მობილური ტელეფონის მეშვეობით შედგა.
"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ხელში ჩავარდნილი ჩანაწერები "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აპირებს რაიმე კომენტარი გააკეთოს სავარაუდოდ ამ უწყების მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე, რომელიც 1 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაასაჯაროვა.
ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ტექსტების ავთენტურობას და ამბობენ, რომ ამგვარი დოკუმენტები, სადაც ასახულია სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, კონკრეტულ პირთა სექსუალური კავშირები, შეხვედრები და საუბრის თემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მზადდება.
განახლება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით, 2 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში გაავრცელა განცხადება: