სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აპირებს რაიმე კომენტარი გააკეთოს სავარაუდოდ ამ უწყების მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე, რომელიც 1 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაასაჯაროვა. დოკუმენტებში, რომელიც არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, მისივე თქმით, უწყებიდან მოიპოვა, ასახულია მასობრივი თვალთვალისა და მიყურადების პროცესი, რომლის ობიექტებიც არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სასულიერო პირები.
რადიო თავისუფლებას სურდა სუს-ისგან გაეგო, არის თუ არა ავთენტური "მთავარი არხის" ეთერში წაკითხული ტექსტები, რომელიც, გვარამიას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო მიყურადების შედეგად გაკეთებული ჩანაწერების სკრიპტია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ტექსტების ავთენტურობას და ამბობენ, რომ ამგვარი დოკუმენტები, სადაც ასახულია სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, კონკრეტულ პირთა სექსუალური კავშირები, შეხვედრები და საუბრის თემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მზადდება.
"სინამდვილეში, ჩანაწერები არ არის. ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს. ნ.ჯ/-მ რა უთხრა ნ.კ.-ს და გ.ნ.-მ რა უთხრა ბ.ნ.-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე", - თქვა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძემ. ჩანაწერებში, რომელიც ნიკა გვარამიამ წაიკითხა, ისმის თალაკვაძის ცოლის გვარიც. კერძოდ, ერთ-ერთი სამთავრობო მედიის წარმომადგენელი უკავშირდება სხვა ჟურნალისტს და სთავაზობს მოამზადოს მასალა ხელისუფლებაში მყოფი პირების ოჯახის წევრების დაწინაურებაზე საჯარო სამსახურში. ერთ-ერთ ასეთ პირად თალაკვაძის ცოლია დასახელებული, რომელსაც, ჟურნალისტის თქმით, არ აქვს კვალიფიკაცია, იკავებდეს იმ მაღალანაზღაურებად პოსტს, სადაც დაწინაურების შემდეგ აღმოჩნდა.
"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ხელში ჩავარდნილი ჩანაწერები "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.
"ადამიანები, ვინც თავისუფლად სუნთქვის მტერია ამ ქვეყანაში, ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და უმძიმეს დანაშაულებს ჩადის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ახობაძე, ეს ადამიანი 2020 წელს იყო სუდ-ის, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის, სწორედ იმ დეპარტამენტის, რომელიც ამ ყველაფერს ახორციელებს, ხელმძღვანელი, 2020 წლის შემდეგ ის დააწინაურეს, დანიშნეს სუს-ის, ანუ ლილუაშვილის მოადგილედ და სუდ-ის კურატორად. მესამე - სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი, კოკა კობიძე, ეს არის ადამიანი, რომელიც ტექნოლოგიურად და ტექნიკურად უზრუნველყოფს კანონიერსაც და უკანონო ფარულ მიყურადებას, თვალთვალს და ამის შენახვას", - თქვა ნიკა გვარამიამ თავის გადაცემაში 1 აგვისტოს.
განახლება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით, 2 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში გაავრცელა განცხადება: