Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულმა ოცნებამ" ოზურგეთის მერობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძის ძმა დაასახელა


ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთის მერობის კანდიდატი
ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთის მერობის კანდიდატი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის ძმა ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთის მერობის კანდიდატად დაასახელეს.

„ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძე იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი, ერთ-ერთი წარმატებული, ძალიან წარმატებული საჯარო მოსამსახურე. ესეც აჩვენებს იმას, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის ოზურგეთი, მისი განვითარება და დარწმუნებულები ვართ, რომ ავთანდილი არა მხოლოდ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, არამედ ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ოზურგეთის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის მერების კანდიდატების დასახელებისას.

ოზურგეთის მერობის კანდიდატად დასახელებას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა თავად ავთანდილ თალაკვაძეც.

„თავს მოვალედ ვთვლი, ჩემს მშობლიურ ქალაქს და საზოგადოებას ვემსახურო და ოზურგეთს მადლობა საქმით და წარმატებული პროექტებით უშუალოდ გადავუხადო.

ნდობისთვის მადლობას ვუხდი “ქართული ოცნების” ლიდერებს და ჩვენს მხარდამჭერებს. მჯერა #ერთად გავიმარჯვებთ!“, - წერს ავთანდილ თალაკვაძე ფეისბუკში.

ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის პოსტი, ხუთწლიანი საქმიანობის შემდეგ, 2020-ის ნოემბერში საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მედიის თანახმად კი ამის მიზეზი ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან დაპირისპირება გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადების მუშაობის გაუმართაობის გამო.

XS
SM
MD
LG