Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია "ქართულ ოცნებაზე" - მათ სიტყვას ნული აქვს ფასი


„ევროპული საქართველოს“ თავჯდომარე, გიგა ბოკერია, ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს. ამასთან, მნიშვნელოვანია მათი დამარცხება თვითმმართველობის არჩევნებზე, რათა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

ეს მორიგი უტიფარი განცხადება ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ადასტურებს პირველი იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორედ, იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ, მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი. რაც ყველაზე უფრო მთავარია, ეხლა ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ეს სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმით მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მხრიდან წნეხი მათზე ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი და რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან“, - ამბობს გიგა ბოკერია.

პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დღეს გამოაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა:

"რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო. მათ ამოძრავებდათ ერთადერთი მიზანი, დალოდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გაემეორებინათ პოლიტიკური საბოტაჟი, როგორც კი „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან საარჩევნო ზღურბლს გადალახავდა";

"რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ, პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს. 19 აპრილის შეთანხმების ცალკეული პუნქტებიც რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის გამოიყენებოდა";

"19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს";

"დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ";

"თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია".

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას. შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ".

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე კვირის წინ განაახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა, ოპოზიციამ მმართველი პარტია "მიშელის შეთანხმების" დარღვევაში დაადანაშაულა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს, ბათუმშიც გაიმეორა ბრიუსელიდან თბილისისკენ მანამდე წამოსული გზავნილები, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაარღვია პოლიტიკურ ძალებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.

XS
SM
MD
LG