თუ კი კოვიდი უკვე გადაიტანეთ, არ იფიქროთ, რომ სამუდამო იმუნიტეტი გაქვთ და აცრა აღარ გჭირდებათ. თუ კი აქამდე ვაქცინა ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ შეგეძლოთ გაგეკეთებინათ, ამ კვირიდან სახლემწიფომ ეს ვადა 30 დღემდე შეამცირა. რატომ არის აცრა საჭირო თუ კი ინფექცია უკვე გქონდათ და რა შეიძლება მოხდეს განმეორებითი ინფიცირების შემთხვევაში? რადიო თავისუფლება ორჯერ-კოვიდგადატანილებსა და ექიმებს ესაუბრა.
მიშა ფეიქრიშვილმა ვაქცინაცია ვერ მოასწრო, კოვიდით ჯერ ოქტომბერში დაინფიცირდა და შემდეგ 6 თვეში, აპრილში. მეორე ინფივირებიდან უკვე 3 თვეა გავიდა, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოკეთდა - მაგალითად, ჯერ კიდევ არ დაბრუნებია ყნოსვა და გემო. პირველად ვირუსმა უსიმპტომოდ ჩაიარა და არ ელოდა, რომ მეორე ჯერზე კორონავირუსის ყველა სიმპტომი ერთდროულად გამოუვლინდებოდა.
„..აპრილი არ არის ისეთი ცხელი თვე როგორც ივლისი, მაგრამ უჰაერობის საშინელი განცდა მქონდა და წარმოვიდგენ როგორ შეიძლება იტანჯებოდნენ ის ადამიანები, ვისაც ახლა შეხვდათ ვირუსი, როცა გარეთ 40 გრადუსია...სრულებით უენერგიო და ქმედუუნარო ვიყავი, მთელი კოვიდის პერიოდი გავატარე ძილში. მქონდა ჩუმი შიშები, რომ უცბად თრომბი განვითარდებოდა”
მიუხედავად იმისა, რომ რთულ პაციენტად არ ითვლებოდა და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია, სრულებით დაუძლურებულმა, სუნთქვის უკმარისობითა და ხველებით ვირუსული პერიოდი ლოგინში გაატარა.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ კოვიდინფიცირებიდან 30 დღემდე იმიტომ შემცირდა, რომ შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს ორჯერადად აცრა და უფრო მყარი იმუნიტეტი გამოიმუშაონ.
იმუნიტეტის შექმნის 2 გზა არსებობს:
ბუნებრივი, როდესაც ვირუსის გადატანის შემდგ სისხლში ანტისხეულები გამომუშავდება და ხელოვნური, როდესაც ვაქცინაციის გზით გამოვიმუშავებთ იმუნიტეტს ვისურთან საბრძოლველად.
„ საბოლოო გადაწყვეტილება არის თუ არა ბუნებრივი გზით მიღებული იმუნიტეტი უფრო მყარი და ხანგრძლივი ვიდრე, ხელოვნური გზით, არ არსებობს. ამიტომ, კომბინაცია ბუნებრივს პლიუს ხელოვნური განიხილება როგორც პოტენციურად ყველაზე უფრო ხანგრძლივი დაცვის მატარებელ კომბინციად, ამიტომ ვთვლ, რომ ის ადამიანი რომელებიც კორონავირუსს გადაიტანენ და 1 თვის გასვლიდან ორჯერადად აიცრებიან მიიღებენ ალბათ მაქსიმალურ დაცვას რაც არის შესაძლებელი დღევანდელ პირობებში.“- განმარტავს ივანე ჩხაიძე
დღეს როცა ინდური შტამი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც სწრაფად ვრცელდება, ქვეყნების ნაწილმა ისევ სავალდებულო გახადა საზოგადოებრივ სივრცეებში ნიღბების ტარება. . თუკი მოსახლეობის 60% - ის აცრის შემთხვევაში მოქალაქეებს პირბადის მოხსნის ნებართვას აძლევდა სახელმწიფო, ახლა ორჯერადად აცრილებსაც სთხოვენ რომ ნიღბებით იარონ. ასე მოხდა ისრაელსა და არაერთ ქვეყანაში, ბოლო დღეებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდეს აშშ-შიც.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ვირუსის დელტა ვარიანტი ძალიან გადამდებია და ამ ვითარებაში პრევენციის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.
„აშშ-ში კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების 99.5%-ი არავაქცინირებულ ადამიანებზე მოდის. ეს არის სტატისტიკა, რომელიც თავად ამბობს სათქმელი”- ამბობს ენტონი ფაუჩო
- გამარჯობა, მეორედ ვინც გადაიტანეთ კოვიდი ყველამ პირველზე რთულად გადაიტანეთ?
- შესაძლებელია ორჯერ შეგხვდეს კოვიდი?
- რამდენ ხანში შეგხვდათ მეორე?
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ სამედიცინო ჯგუფში ფეისბუქზე მოქალაქეები ერთმანეთს ხელმეორედ ინფიცირების გამოცილებას უზიარებენ. თითქმის ყველა თემაა განხილული, მათ შორის ისიც რამდენად რთულად თუ მსუბუქად მიდის მეორე ავადობა, თუმცა ამ ჯგუფში არავინ საუბრობს იმაზე, რომ ხელმეორე ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრევენცია აცრაა.
მეორედ ინფიცირების შემდეგ მიშა 120 დღიანი ვადის გასვლას ელოდებოდა, რომ აცრილიყო, ახლა ამბობს, რომ კოვიდის შემდგომი აცრის პერიოდის შემცირებასთან ერთად, პირველივე შესაძლებლობისთანავე ნებისმიერი იმ ვაქცნით აიცრება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მისთვის.
მეორეჯერ ინფიცირებამ მიშა არამარტო ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც გამოფიტა.
„პირველი რაც ვუთხარი ექიმს იყო ის, რომ მე ამ მდგომარეობაში ვერ შევძლებ გარეთ გასვლას და მუშაობას... ვერ ვახერხებდი ერთ საქმეზე კონცენტრაციას, შემექმნა მახსოვრობის პრობლემები, ლაპარაკის დროს შეიძლება დამვიწყებოდა რას ვამბობდი. ფსიქოლოგიურადაც განგრევს ეს მდგომარეობა, როცა არ ხარ მიჩვეული … და ავადმყოფობის შემდეგ ძველ ქაოსურ გარემოში გამოდიხარ, უცებ ხვდები რომ ორგანიზმი ვერ მოგყვება, თავბრუც გეხვევა და ვერ ფუნქციონირებ როგორც აქამდე.“
სხვადასხვა სამედიცინო ჟურნალში მსჯელობენ იმაზე, ხომ არ არის ავადმყოფობის შემდეგ ვაქცინის თუნდაც ერთი დოზა საკმარისი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად. კვლევები მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით ასეა, თუმცა გადაჭრით პასუხი ამაზე არ არსებობს. ცალსახა დასკვნის გასაკეთებლად ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის ვირუსის და ვაქცინის ტიპი.
ახალი გადაწყვეტილებით, ავადმყოფობის გადატანიდან 30 დღეში შეგიძლიათ ვაქცინის კუთვნილ ორ დოზაზე დაჯავშნოთ ადგილი. Ასევე მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ვინც პირველი დოზის გაკეთებიდან მალევე დაინფიცირდა 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ შეძლებენ ხელახლა აიცრან ვაქცინის 2 დოზით, ანუ ასეთ შემთხვევაში პირველი აცრის ეფექტი “უქმდება”.
დღეს ბოლო 24 საათში კოვიდით ინფიცირების 2617 შემთხვევა დაფიქსირდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.