Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: ხელისუფლების მხრიდან საჭიროა ნათელი მესიჯი, რომ მოძალადეები დაისჯებიან


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი 5-6 ივლისს დედაქალაქის ქუჩებში მომხდარი ძალადობის ფაქტების აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურების კომენტირებისას ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია და საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა თქვას, რომ იგი არ იქნება შეწყნარებული:

„საჭიროა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძლიერი და ნათელი მესიჯი, რომ დადგება შედეგი მათ წინააღმდეგ, ვინც წაახალისა ძალადობა, ვინც ძალადობრივად ესხმოდა თავს მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობდნენ.

თუკი არ იქნება მკაფიო შედეგები და ძალიან ნათელი მესიჯი, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული, ეს კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ძალადობას“, - აღნიშნა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, უსაფრთხო და დაცული გარემო შეუქმნას მოქალაქეებს, რათა გამოიყენონ კონსტიტუციით დაცული უფლებები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 13 ივლისს თქვა, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურმა აქტორმა მკაცრად უნდა დაგმოს ძალადობა, 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები კი ზედმიწევნით უნდა იყოს გამოძიებული.

"ქართველი ჟურნალისტების უსაფრთხოება და დემოკრატიის სანდოობა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა ინდივიდუალური პირი, რომელიც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ასევე ისინი, ვინც წააქეზა ძალადობა, იქნეს იდენტიფიცირებული, დაკავებული და მათ აგონ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით", - განაცხადა ნედ პრაისმა ბრიფინგზე. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მსჯელობენ სანქციების შესაძლო გამოყენებაზეც.

5 ივლისს, მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათ შორის 53 ჟურნალისტი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურის თანახმად, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.
ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

15 ივლისს დილიდან პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს პირებთან, რომლებიც 5 ივლისს ჰომოფობიური აქციის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული - დაკითხვაზე იმყოფება "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურა მახარაძე, ასევე გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.

XS
SM
MD
LG