ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი თეოდორე, აცხადებს, რომ 5 ივლისს სასულიერო პირები ცდილობდნენ ჟურნალისტების დაცვას და რამდენიმე გადაეფარა კიდეც, თუმცა მედია ამ აქციას ცალმხრივად აშუქებს.
მანვე აღნიშნა, რომ “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება არის საზოგადოების პასუხისმგებლობა, მათ შორის მედიისაც.
ეს განცხადება მან ზუგდიდში გააკეთა სადაც ვლაქერნობის დღესასწაულის გამო სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიიდან შეიკრიბნენ:
“ლექსოზე პასუხი უნდა აგოს მთელმა საზოგადოებამ, თქვენ გგონიათ თქვენ თავისუფალი ხართ? - არ ხართ თქვენ თავისუფალი, არც ჩვენ ვართ თავისუფალი და პირველ რიგში დამნაშავეა “პრაიდის” ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები”, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისი სიტყვებით, 5 ივლისს ძალადობაზე სასულიერო პირებისგან მოწოდება არ ყოფილა.
“იყო ერთეული, რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არასწორად თქვა უბრალოდ და შემდეგ შეასწორა და ბოდიში მოიხადა ამ ყველაფრისთვის საჯაროდ. მამაოები იქ ყველანაირად ასრულებდნენ იმის მოვალეობას, რომ არ მომხდარიყო ძალადობა და ეფარებოდნენ. სამწუხაროდ, ცუდად აშუქებთ თქვენ, მამები ამას არ აკეთებდნენ. ჩვენ ვიყავით მშვიდობიან პარაკლისზე, მშვიდობიანი პროტესტით. მამაო გადაეფარა უბრალოდ თქვენ ვერ ნახეთ ეტყობა კადრები კარგად. თუ კარგად ნახავთ ეფარებიან და მამებსაც ხვდებათ. პირველ რიგში მე ვფიქრობ რომ პასუხისმგებლობა თუ კი ვინმემ უნდა აიღოს ეს არის პრაიდის ორგანიზატორებმა და მათმა მხარდამჭერებმა. რადგან მათ არ შეცვალეს თავისი განცხადება, თავისი გამოსვლა მიუხედავად მრავალი მოწოდების. მათ შეცვალას უკვე ბოლოს, როდესაც ხალხი გადარეული იყო. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას”, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
დღეს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება, ღვთისმშობლის კვართი მსვლელობით დადიანების ისტორიული მუზეუმიდან საზეიმო ლიტურგიითა და გალობით გადაიტანეს ივერიის საკათედრო ტაძარში. მსვლელობაში მონაწილეობენ სასულიერო პირები, რომელთაც ჟურნალისტები 5 ივლისის ძალადობის და „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების გამო პროტესტით დახვდნენ. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს ნაცემი ოპერატორის გამოსახულებით შავი ფერის მაისურები ეცვათ წარწერით #ლექSOSთვის.
გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტების გამო, მედიის ამ შეკითხვას არ უპასუხა სადღესასწაულო მსვლელობის მონაწილე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ.
ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, გარდაცვილი იპოვეს ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში. იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა სიკვდილის გამომწვევი მიზეზების შესახებ, გამოძიება საუბრობს ნარკოტიკებით ზედოზირებაზე.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღის წესრიგში დადგა მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებაში საქართველოს შესახებ კი ნახსენებია სანქციები, როგორც ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა მათთვის, ვინც ადამიანის უფლებების დაცვაზე უარს აცხადებს. მედიის ნაწილი პროტესტის სხვადასხვა ფორმას ეძებს იმისათვის, რომ აიძულოს ხელისუფლება, აიღოს პასუხისმგებლობა ლექსო ლაშქარავას სიკვდილზე და ჯამში 53 ჟურნალისტის დაზიანებაზე 5 ივლისს, როცა "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ მედიას.
5 ივლისს "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი. მათგან:
- ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დააკავეს 19 პირი;
- "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი;
- 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.