Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბუნია აცრის ცნობის QR კოდის შესახებ: ერთი შემთხვევის გარდა, არავის უთქვამს რომ იგი უცხოეთში არ მუშაობს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული აცრის შესახებ გაცემული ცნობის QR კოდის საზღვარგარეთ წაკითხვის პრობლემა არ არსებობს.

„ერთადერთი შემთხვევა გახდა ჩვენთვის ცნობილი ამაზე სოციალური ქსელით. სხვა დანარჩენი მოქალაქეები არავინ დაგვბრუნებია და არ უთქვამს, რომ რანაირი ცნობა მოგვეცით, ვერავინ ეს ვერ წაიკითხაო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემაში.

ერთადერთი შემთხვევა კი, რომელზეც იგი საუბრობდა, სავარაუდოდ შეეხება რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გოგი გვახარიას. კინოკრიტიკოსმა 13 ივლისს რადიო თავისუფლებაში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც იგი წერს, რომ კანის ფესტივალის სასახლის შესასვლელთან კონტროლის დროს მისი აცრის ცნობაზე დატანილი QR კოდი აპარატურამ ვერ წაიკითხა.

„არ ვიცი რაში იყო საქმე, ტექნიკური ხარვეზით თუ ისევ სხვა რაღაც საინფორმაციო ტექნოლოგიების გაუმართაობა, ჩვენი მხრიდან ან მათი მხრიდან. ყოველ შემთხვევაში მასიური ხასიათი ამას არ ჰქონია. ჩვენ ისევ გავცემთ QR კოდიან ცნობას მოგზაურებისთვის, სადაც არის ორენოვანი ტექსტიც მითითებული და ეს ტექსტი იმიტომაა მითითებული, რომ როცა QR რაღაცა მიზეზის გამო ვერ ამოიცნობა, ამ შემთხვევაში წაიკითხავენ ტექსტს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

14 ივლისის მონაცემებით, 324 802 პირია აცრილი. აქედან სრულად აცრილია 123 848 ადამიანი. ამცრელ კაბინეტებში მოქალაქეებს ეძლევათ აცრების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც მოგზაურობის მიზნებისთვისაც შეუძლიათ გამოიყენონ.

XS
SM
MD
LG